2 უმსხვილესი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 768.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 34%-ით არის შემცირებული. კერძოდ, შარშან ექვს თვეში ქვეყანაში 1.165 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

PMCG-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოში ინვესტიციების კუთხით ქვეყნების მიხედვით დიდი ბრიტანეთი ლიდერობს, საიდანაც წელს 170 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება განხორციელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში ბრიტანეთიდან 96 მილიონი დოლარის უარყოფითი ინვესტიცია განხორციელდა, მეორე კვარტალში კი 267 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე წლის ივნისში წერდა, რომ პირველ კვარტალში ბრიტანეთის მიერ უარყოფითი ინვესტიციები შემდეგ სექტორებში განხორციელდა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; ხელოვნება გართობა და დასვენება; განათლება.

PMCG-ის მიმოხილვის მიხედვით, მეორე ადგილს მსხვილ ინვესტორ ქვეყნებს შორის იაპონია იკავებს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აქედან თითქმის 79 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 19 მლნ დოლარზე მეტი შემოვიდა პირველ კვარტალში, 59 მლნ დოლარზე მეტი კი მეორე კვარტალში. რაც შეეხება სექტორებს, იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ენერგეტიკის, ვაჭრობისა და განთავსების სექტორებში ხორციელდება.

მერი ტაბატაძე