ამსტერდამის მცხოვრებლებს ქალაქის 750 წლის იუბილესთან დაკავშირებით 7,5 ათას ხეს უფასოდ გადასცემენ.
ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
კერძოდ, მოსახლეობას ორი ადგილობრივი სახეობის, ჭანჭყატის (Euonymus) ან მინდვრის ნეკერჩხლის ნერგის შერჩევას სთავაზობენ. ისინი მერიამ სიმაღლით სპეციალურად შეარჩია, რომ მოქალაქეებმა ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ადვილად გადაიტანონ.
ამსტერდამელებს ამ ხის ნერგების ბაღში ან აივანზე დარგვას სთავაზობენ. მაგალითად, ჭანჭყატი პატარა მცენარეა, რომელიც ქოთანშიც შეიძლება, გაიზარდოს. მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე მათ მიერ დარგული ხეების დარეგისტრირება შეუძლიათ, ხოლო ციფრული რუკის გამოყენებით დააკვირდნენ, თუ როგორ იზრდებიან ისინი.
მსგავსი ღონისძიება ამსტერდამში ყოველწლიურად იმართება. მაგალითად, 2023 წელს ქალაქის მოსახლეობას 3,2 ათასი ხე დაურიგდა.
ცნობისთვის: 2030 წლისთვის ევროპაში 3 მლრდ ახალი ხე დაირგვება. ეს ევროკავშირს თავისი ამბიციური მიზნის მიღწევაში დაეხმარება: კერძოდ, 2030 წლისთვის სითბური გაზების ემისიები, 1990 წელთან შედარებით, 55%-მდე შემცირდეს, ხოლო 2050 წლისთვის იმ მოცულობას მიაღწიოს, რომ ატმოსფეროში დაგროვებამდე ბუნებრივად მთლიანად იქნას გაწოვილი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ