საფრანგეთში გამოყენებულ საბავშვო საფენებს სასუქად გადააქცევენ

საფრანგეთის ქალაქ ლიონში გამოყენებული საბავშვო საფენების მასიურ კომპოსტირებას იწყებენ.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

კერძოდ, გამოყენებული საფენები კურიერებს სატვირთო ველოსიპედებით ქარხანაში გადააქვთ, სადაც მათ აქუცმაცებენ და სველ საკვებ კომპოსტსა და ხის ნათალში ურევენ. მზა კომპოსტი ბოსტნეულისა და ხილის მოსაყვან სასუქად იქნება გამოყენებული.

ექსპერიმენტი წარმატებულად იქნა მიჩნეული, ამიტომ გადაწყდა, სქემა ქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების ნახევარზე გავრცელებულიყო.

წლის დასაწყისში ლიონის ათმა ბაგა-ბაღმა ბიოდეგრადირებადი საფენების გამოყენება დაიწყო, რომელთა გადამუშავებაც შესაძლებელია. ეს საფენები პლასტმასასა და ქიმიკატებს არ შეიცავს, მცენარეული მასალით არის დამზადებული და ბავშვის კანისთვის უსაფრთხოა.

თითოეული ბავშვი პირველ წლებში, დაახლოებით, ტონა საფენს იყენებს, ხოლო მათი ნარჩენი ლიონის მთლიანი ურბანული ნარჩენის, დაახლოებით, 10%-ს შეადგენს.

ცნობისთვის: პლასტმასისგან დამზადებული საფენების მიტოვებას ბრიუსელიც ცდილობს. გასულ წელს ქალაქის 40-მა ბაგა-ბაღმა მრავალჯერადი საფენების გამოყენება დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ