90-იანი წლების ეკონომიკა VS დალაგებული პარტნიორობა - რა სცენარი შეიძლება განვითარდეს არჩევნების შემდეგ

დაპაუზებული სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტების გაურკვეველი ბედი და შეჩერებული ინვესტიციები - ეს ის მთავარი გამოწვევებია, რომლის შესახებაც ადგილობრივი ბიზნესმენების ნაწილი bpn.ge-სთან საუბრობს. მათ თქმით, საერთაშორისო პარტნიორები არჩევნების და ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის გარკვევის მოლოდინში არიან, შესაბამისად, ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.

მეტიც, როგორც ადგილობრივი ექსპორტიორების ნაწილი აცხადებს, უკვე 3-4 თვეა, რაც ევროზონის ქვეყნების საცალო ქსელებში გრძელვადიან ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ. მიზეზად კი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, შესაძლო სანქციებს და არჩევნებს ასახელებენ.

რა პროცესებთან გვაქვს საქმე და როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ქართველ ეკონომისტებს განსხვავებული შეფასებები აქვთ. ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება, დიდი შანსია, რომ ქვეყნის ეკონომიკა 90-ანი წლების მდგომარეობას დაუბრუნდეს, ნაწილი კი ამბობს, რომ შიდა პროცესებთან დაკავშირებული, შეფერხებული ეკონომიკური აქტივობები, არჩევნების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. თუმცა, აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების ქცევა, გარკვეულწილად, ზოგად გეოპოლიტიკურ ვითარებასაც უკავშირდება, შესაბამისად, მისი გადაწყვეტა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივის საკითხია.

ეკონომისტი აკაკი ცომაია: „წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გააყალბებს არჩევნებს და ხმებს „დაიწერს“. პირველ რიგში, დიდი რაოდენობით ფინანსური სანქციები გარდაუვალი და ქვეყნის იზოლაცია უკვე შემდგარი ფაქტი იქნება. ახლა ბიზნესები და უცხოელი პარტნიორები მაინც მოლოდინის რეჟიმში არიან, ელოდებიან არჩევნების შედეგებს, დაპაუზებულია ყველაფერი, რადგან მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო რეაგირებს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით.

დავუშვათ, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწერა მისთვის სასურველი შედეგები, ჩვენთვის უკვე ცნობილია ის პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც ამის გამო მოუწევს ქვეყანას. ძალიან მარტივია მოვლენების განვითარების პროგნოზირება.

პირველ რიგში, დავიწყოთ ფინანსური სისტემით - დეპოზიტების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია, ეს არის დასავლური კაპიტალი. წარმოიდგინეთ, რომ ეს დეპოზიტები გადის საქართველოდან, ვინ გააჩერებს ასეთ რეჟიმში დეპოზიტებს საქართველოში?! ეს ხომ ძალიან მაღალი რისკის ზონის ქვეყანა იქნება, იზოლირებული, რომელიც დგას ირანის, რუსეთის, ჰეზბოლის და ამ ქვეყნების გვერდით, დაღდასმული.

ასევე ფინანსურ სისტემაში, სააქციო კაპიტალი- ეს არის დასავლური სააქციო კაპიტალი, მათ შორის, ფასიანი ქაღალდები, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ხდება ამ უცხოური კაპიტალის გადინება.

საწარმოები, რომელიც უცხოური კაპიტალის მონაწილეობით არის შექმნილი, მესაკუთრეები იწყებენ ამ კაპიტალის უკან გატანას.

უცხოელები, რომელსაც უძრავი ქონება აქვთ აქ ნაყიდი, იწყებენ ამ უძრავი ქონების მასობრივად გაყიდვას. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ გაასწრონ ამ ქვეყნიდან და წავიდნენ, იწყებენ უძრავი ქონების გაყიდვას. შესაბამისად, ლარის კურსი კატასტროფულად უფასურდება. უძრავი ქონებს ფასი კატასტროფული ტემპით მცირდება და ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად შედის 90-იანი წლების მდგომარეობაში.

ეს არის ის რეალობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება დადგეს და ვფიქრობ, ქართულ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას კარგად და სიღრმისეულად ვერ იაზრებს.

მე მჯერა, რომ არჩევნებში ჩართულობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იქნება, თუმცა არ ვიცი, რას იზამს ხელისუფლება“.

მოვლენების ასე დრამატულად განვითარებას არ ელოდება ეკონომისტი ოთარ ანგურიძე. როგორც ის bpn.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მსგავსი შეფერხებები მაინც დროებითია. მისი თქმით, რაც არჩევნებს უკავშირდება მოკლევადიან პერსპექტივაში მოგვარდება, ხოლო, ზოგადი გეოპოლიტიკური ვითარებით ნაკარნახევი გადაწყვეტილები, შედარებით გვიან.

„მე ვფიქრობ, ასეთი შეფერხებები მაინც დროებითია. იქიდან გამომდინარე, რომ დაძაბული ვითარებაა. ყოველ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ყველა ელოდება არჩევნებს. მე ვფიქრობ, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ჩატარდება კარგად, ყოველ შემთხვევაში მე ამის მჯერა, ის ეჭვები და შიშები, რაც ბიზნეს წრეებში არსებობს, გაქრება. საქართველოსთან მიმართებით იშველიებენ, გარკვეულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თუ გადავხედავთ ევროკავშირის პოზიციებს სხვა საკითხებთან მიმართებითაც, ეს უფრო არის სიფრთხილის პოლიტიკა, რაც დაკავშირებულია უკრაინის ომთან. ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად განპირობებულია ომის ფაქტორიდან გამომდინარე. ყველა პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს ომი დასრულდება (დროებით მაინც გაჩერდება საომარი მოქმედებები), რაც ავტომატურად გამოიწვევს, როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს მასშტაბით ძვრებს, გარკვეულ სახის გადალაგებას.

ამდენად, კი, ერთის მხრივ, შაბლონურად ჩანს და ასეც აკეთებენ განმარტებებს, ჩვენს პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ რეალურად, ევროპაში მიმდინარე მოვლენები მოახდენს გავლენას საბოლოო გადაწყვეტილებებზე. მე მაინც ვიტყოდი, რომ გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმების ნაწილში, გადამწყვეტი უფრო ისეთი ფაქტორებია, როგორიც არის უკრაინის ომი.

რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკური ფაქტორიც მოქმედებს, მაგრამ ეს არჩევნების შემდეგ დასრულდება. თუ ვნახავთ, რომ არჩევნები ჩატარდა ელექტრონულად და გაყალბებას არ ჰქონდა ადგილი, ამოიწურება ის პოლიტიკური არგუმენტიც, რაც შეძლება დაკავშირებული იყოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. შესაბამისად, ეს მოკლე ვადაში და მარტივად გადაწყვეტადია “,- ამბობს ოთარ ანგურიძე.

ნინი ქეთელაური