9 თვეში საქართველოდან ექსპორტი 4.786 მლრდ დოლარამდე, ხოლო ქვეყანაში იმპორტის მაჩვენებელი 11.991 მლრდ დოლარამდე გაიზარდა - „საქსტატი“

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.777 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 4.786 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 4.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11.991 მლრდ. აშშ დოლარს (გაიზარდა 3.6 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში, 7.204 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9 პროცენტია.

„2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (908 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (634.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (544.3 მლნ. აშშ დოლარი)

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.986 მლრდ. აშშ დოლარი), აშშ (1.376 მლრდ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1.313 მლრდ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 333.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 835.8 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 472.6 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.762 მლრდ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 227.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.5 მლნ. აშშ დოლარით (4.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.340 მლრდ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 982.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 462.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.9 პროცენტი),“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.