"დაზიანებულია 100-ზე მეტი სახლი, რაოდენობა ყოველ წუთას იზრდება" - რა ვითარებაა ფოთში, სადაც სტიქიას ებრძვიან

ფოთში მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვიან. როგორც ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გიორგი ჩიქობავა bpn.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის დაზიანებულია 110 სახლი, თუმცა მათი რაოდენობა იზრდება.

ამის პარალელურად, დატბორილი გზებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, გაჩერებულია სასწავლო პროცესი, წყალი ჩავიდა ერთ-ერთი სკოლაშიც.

როგორც გიორგი ჩიქობავა ამბობს, ამ ეტაპზე სახლების დროებით გადახურვისა და ზოგიერთ შემთხვევაში, ოჯახების ქირით გადაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე, 110 სახლია, მაგრამ შეიძლება უკვე +10 იყოს, იმიტომ, რომ ყოველ წუთას ემატება. აქ იგულისხმება როგორც კერძო სახლები, ისე კორპუსები, სადაც ბინების ნაწილი დაზიანდა. ზოგს ფასადიდანაც შეუვიდა წყალი და ე.წ. ბათქაში ჩამოანგრია. ოთხივე მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს, ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად. დადიან სხვადასხვა ლოკაციაზე. წყალი რომ შევაფერხოთ და მეტად აღარ დაზიანდეს სახლები, ამისთვისაც შესაბამის სამუშაოებს ვაწარმოებთ.

ადგილობრივად რასაც ვაკეთებთ, ეს არის დროებით გადახურვა, ხვალიდან უკვე ამინდები გამოდის და კაპიტალურად შევუკეთებთ, შესაბამისად, ხვალიდან უკვე შესაბამის სამუშაოებსაც დავიწყებთ.

რაც შეეხება სკოლებს, დღეს გაჩერდა სასწავლო პროცესი. სკოლებიდან მხოლოდ ერთზე გვაქვს ინფორმაცია, რომ წყალი ჩაუვიდა მცირე რაოდენობით.

თუ ისეთი დაზიანებაა, რომ მოითხოვს გაყვანას, ჩვენ ქირითაც ვუშვებთ. 3 ოჯახს შევთავაზეთ ქირით გასვლა, მიმდინარეობს ეგ პროცესიც. თვითონ მოსახლეობაც ზრუნავს და გვეხმარება იმაში, რომ დროებით დაიხუროს და თავისივე სახლში გაჩერდნენ. მაგრამ რამდენიმე სახლს მთლიანად გადახადა და ფიზიკურად შეუძლებელია გაჩერება“,- ამბობს გიორგი ჩიქობავა.

მისი ინფორმაციით, შემდეგი ეტაპი ზარალის აღწერა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემა იქნება.

„დახმარებას კომპენსაცია სახით გავცემთ, მყისიერად. ზარალის ოდენობის მიხედვით. აღვწერთ დღეს და ხვალაც გაგრძელდება. ამ კომპენსაციაში სამუშაოების თანხაც იქნება გათვალისწინებული და შემდეგ უკვე თუ დასჭირდებათ, ხელოსნების მოძიებაშიც დავეხმარებით. ჩვენ რამდენიმე კონტაქტორი კომპანია გვყავს, რომელთა საქმიანობა სახლების გადახურვაა და შესაძლოა, ეგენიც დავახმაროთ“,- ამბობს გიორგი ჩიქობავა.

ნინი ქეთელაური