2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის შეფასებით, მოხმარების მატება კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია და ზრდის გაგრძელება ისევ მოსალოდნელია.
როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას განაცხადა, მაინინგის პრობლემა სვანეთში კვლავაც აქტუალურია და მნიშვნელოვანი ძვრები ამ მხრივ არ მომხდარა.
„სვანეთში მაინინგის გამო „ენერგო პრო ჯორჯია“ ძალიან ცუდ დღეშია. იქ კვლავაც ხდება ელექტროენერგიის დიდი მოხმარება. გადატვირთულია ხაზები, სიმძლავრეები არ ჰყოფნის, არის ჩივილი მოსახლეობის მხრიდან, კერძო ბიზნესისთვისაც საკმაოდ რთული პერიოდია ამ მხრივ.
2021 წელს, როდესაც ადგილზე ჩატარდა საკმაოდ დიდი ოპერაცია, როდესაც სამართალდამცავებმა ამოიღეს საკმაოდ დიდი ოდენობით გაუფორმებელი მაინინგები, დაახლოებით, 10-15 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება.
მას შემდეგ ამ მხრივ რამე წინსვლა თუ არის, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ „ენერგო პრო ჯორჯია“ ბრაზობს და დიდი უკმაყოფილებაა მომხმარებლებშიც, რომლებიც ამ სიტუაციის გამო ტურისტებს ნორმალურად ვერ ემსახურებიან“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა.