„ცირკთან ღია ჩასასვლელში კედელზე გაკრული ქვის საფარი დაზიანებულია და საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეთათვის“

„თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელების სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. ღირებულება 253 975 ლარს შეადგენს.

მიმწოდებელმა გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე, ცირკის გასასვლელთან, კოსტავას ქუჩაზე ტელევიზიასთან, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ასათიანის ქუჩის კვეთასა და მაიაკოვსკის ძეგლთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში სარემონტო სამუშაოები უნდა შეასრულოს. ამასთანავე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების წინ საჭიროებისამებრ აღნიშნული ობიექტები უნდა დაიკეტოს.

გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების მიზეზებში აღნიშნულია შემდეგი: გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „გრინ ლაიფ ქონსთრაქშენი“ 2023 წლის დეკემბრიდან ახორციელებდა. კომპანია მიმდინარე წლის მარტს განაცხადა, რომ უამინდობის გამო კედლებზე წყალი ჩამოვიდა, რამაც სამუშაოები განხორციელებას საფრთხე შეუქმნა.

მაისში კომპანიამ აცნობა „თბილსერვის ჯგუფს“, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი შეასრულეს, თუმცა წყლის ჩამოსვლის გამო სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელია.

„მსგავსი პრობლემა დაფიქსირდა ცირკის მხრიდან ღია ჩასასვლელთან, სადაც კედლები ქვით არის მოპირკეთებული და წყლის ჩამოდინების შედეგად შეინიშნებოდა ქვის ცვენა“, - აღნიშნულია განმარტებით ნაწილში.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „თბილსერვის ჯგუფმა“ წყლის ჩამოდინების შესაკავებლად შესყიდვა განახორციელა, გმირთა მოედანზე სამუშაოები კი 17 ივლისს, ცირკის მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელზე კი 2 სექტემბერს დასრულდა.

„ადგილზე კვლავ შეინიშნა წყლის ლოკალური გამოდინება და საგარანტიო ვადის ფარგლებში არაერთხელ გახდა საჭირო საინექციო სამუშაოების განმეორებით განხორციელება. ამჟამად წყლის გამოდინების პრობლემა აღმოფხვრილია და მიზანშეწონილია გაგრძელდეს სარემონტო სამუშაოები. თუმცა, „გრინ ლაიფ ქონსთრაქშენის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა-მიწოდების ვადა ამოწურულია“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცირკის მხრიდან ღია ჩასასვლელში კედელზე გაკრული ქვის საფარი დაზიანებულია და მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეთათვის, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება კედელს ქვის საფარი მოსცილდეს და გამვლელი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. „თბილსერვის ჯგუფის“ განმარტებით, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა გადაუდებელი შესყიდვის განხორციელება.

მერი ტაბატაძე