საქართველოდან რუსეთში წელს 7 მანქანა გავიდა - რა ფასად იყიდება ავტომობილები

ავტომობილების როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 144 867 ერთეული (2.340 მლრდ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 166 485 ერთეული (2.552 მლრდ აშშ დოლარის).

რაც შეეხება ექსპორტს, წელს საანგარიშო პერიოდში 78 610 ავტომობილი (1.762 მლრდ აშშ დოლარი) გავიდა უცხო ქვეყნებში, ხოლო წინა წლის 9 თვეში 79 316 ერთეული (1.566 მლრდ აშშ დოლარი).

ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, მთავარი პარტნიორია ყაზახეთი, სადაც 37 304 ერთეული ავტომობილი გავიდა, შემდეგია ყირგიზეთი და აზერბაიჯანი.

რაც შეეხება რუსეთს, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი იყო, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით კი მანქანების შეყვანა აკრძალულია, წელს, 9 თვეში საქართველოდან 7 ავტომობილი შევიდა, აქედან მხოლოდ სექტემბერში 3 ერთეული.

გთავაზობთ, ტოპ-5 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც წელს იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა:

  • ყაზახეთი - 37 304 ერთეული (551.476 მლნ აშშ დოლარი)
  • ყირგიზეთ - 23 209 ერთეული (838.369 მლნ აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 10 207 ერთეული (223.451 მლნ აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 4 436 ერთეული (83.551 მლნ აშშ დოლარი)
  • ტაჯიკეთი -1 104 ერთეული (17.878 მლნ აშშ დოლარი)

ტოპ-5 იმპორტიორი:

  • აშშ - 103 206 ავტომობილი (1.249 მლრდ აშშ დოლარი)
  • იაპონია - 22 282 ავტომობილი (367.796 მლნ აშშ დოლარი)
  • გერმანია - 7031 ავტომობილი (417.678 მლნ აშშ დოლარი)
  • კორეა, რესპუბლიკა - 2 641 ავტომობილი (35.620 მლნ აშშ დოლარი)
  • ჩინეთი - 2018 ავტომობილი (30.246 მლნ აშშ დოლარი)

სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, გამოდის, რომ წელს, საქართველოდან ყაზახეთში ერთი ავტომობილის საიმპორტო ფასი, საშუალოდ, 14.8 ათას აშშ დოლარი იყო, ყირგიზეთში 36.1 ათასი აშშ დოლარი, ხოლო აზერბაიჯანში 22 ათასი აშშ დოლარი.

რაც შეეხება რუსეთს, აქ ერთი ავტომობილის საშუალო ღირებულება 20 ათასი აშშ დოლარი იყო.

შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე, გამოყვანილია საშუალო მაჩვენებელი, შესაბამისად, ზოგიერთი ავტომობილი შესაძლოა, უფრო ძვირი, ან იაფი ღირდეს.

ნინი ქეთელაური