აფხაზები ერთი კვირით ენგურზე „საზღვარს“ კეტავენ

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, კერძოდ, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთი ენგურზე დე ფაქტო საზღვარს კეტავს. მიზეზად „რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციები“ სახელდება.

ამის შესახებ ასლან ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რომელიც დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა.

„სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენის შესახებ უკვე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის ენგურის საგუშაგოზე მოქალაქეების გადაადგილების დროებითი შეჩერება მოითხოვა, რაც უშიშროების საბჭოს წევრებმა დაამტკიცეს,“ - წერია განცხადებაში.

აფხაზებმა შეზღუდვა გარკვეული გამონაკლისებით დააწესეს. კერძოდ, გამონაკლისი შეეხება აფხაზეთში უკან მიბრუნებულ ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოში ადრე ლეგალურად გადასულ ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, აგრეთვე, პირებს, რომლებიც „ჩერნომორენერგოს“ ხაზით ენერგეტიკული სისტემის შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

პრესსამსახური აცხადებს, რომ ბჟანიამ დე ფაქტო სამართალდამცავ სტრუქტურებს დაავალა, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მუშაობა გააძლიერონ. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივან რაულ ლოლუას თქმით, საქართველოში არჩევნების დროს აფხაზურმა მხარემ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე პროვოკაციები არ გავრცელდეს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ