გერმანიის მიერ პოლონეთში დაბრუნებული „არალეგალების“ რაოდენობაში რუსებმა ქართველებს გადაუსწრეს

წლის დასაწყისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გერმანიის ხელისუფლებამ რეადმისიის პროგრამის ფარგლებში პოლონეთში 570 უცხოელი დააბრუნა.

ამის შესახებ პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის პრესმდივანმა, ვიცეპოლკოვნიკ ანჯეი იუზვიაკმა საინფორმაციო სააგენტო RAR-ს განუცხადა.

მისი თქმით, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო, მაშინ, როცა გასულ წელს გერმანიიდან პოლონეთში დაბრუნებული უცხოელების უმეტესობას საქართველოს მოქალაქე წარმოადგენდა. სულ 2023 წელს გერმანიამ პოლონეთში 900 უცხოელი დააბრუნა.

იუზვიაკმა, ასევე, განაცხადა, რომ პოლონელი და გერმანელი მესაზღვრეები პოლონეთ-გერმანიის სასაზღვრო ზონას ერთობლივად პატრულირებენ და არალეგალი მიგრანტების გამოსავლენად შერჩევით კონტროლს ახორციელებენ.

შედეგად წლის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სასაზღვრო ზონაში 59 ათასი ადამიანის, მათ შორის, პოლონეთის მოქალაქეების საბუთი შემოწმდა. აქედან 3,2 ათასი უცხოელი დააკავეს.

ცნობისთვის: რეადმისიის შეთანხმების შესაბამისად, პოლონეთი ვალდებულია, მიიღოს უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში პოლონეთის ტერიტორიიდან არალეგალურად გადავიდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ