ეკონომიკის სამინისტრო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანალოგური საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა დღეს, 1 ივლისს, დილის 10.00 საათზე დაიწყო. მათივე განმარტებით, საეთერო მაუწყებლობა მხოლოდ ციფრულ ფორმატში ვრცელდება თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულსა და რუსთავში, აგრეთვე გაითიშა გარდაბნის, მარნეულის, საგარეჯოს, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.

"გაციფრულებასთან დაკავშირებით ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელი ხაზის ოპერატორების რაოდენობა გასამმაგდა. ინფორმაცია აგრეთვე ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურისა და კომერციული მულტიპლექს ოპერატორის - "სტერეო +" -ის ცხელ ხაზზეც.

მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ ცხელი ხაზის ნომრებს: 1480; 2 2414 80; 2 251480; 2 9911 49; 2 991041; 2 991058; 2 051212; 2 399505.  შეგახსენებთ, რომ ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელი ხაზი 1480 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, მოსახლეობა შეძლებს მიიღოს კონსულტაცია და ტექნიკური დახმარება", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.