ევროკავშირის სანქციების მე-15 პაკეტი, უპირველეს ყოვლისა, რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG-ის) ექსპორტს შეეხება. ინფორმაციას Politico ევროკავშირის დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიმდინარე კვირას 10-მა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, ჩეხეთმა, შვედეთმა, ფინეთმა და ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ ერთობლივი გამაფრთხილებელი განცხადება გამოაქვეყნა, რომ „ბოლო დროს ევროკავშირში რუსული LNG-ის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ბუნებრივი აირის ეს მიმწოდებლები სათანადოდ არ არის იდენტიფიცირებული.“ დოკუმენტი ბლოკის ტერიტორიაზე შემავალი გაზის წარმოშობის შესახებ უფრო მკაცრ შემოწმებასა და მონიტორინგს მოითხოვს.
Politico-ს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ დისკუსიას იანვარში განაახლებენ, როცა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის მანდატი დასრულდება, პრეზიდენტობა კი პოლონეთს გადაეცემა, რომელიც, გამოცემის შეფასებით, „უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.”
ვარშავა უკვე აცხადებს, რომ თავის ექვსთვიან პრეზიდენტობას რუსული საწვავის წინააღმდეგ ზომების გასამკაცრებლად გამოიყენებს. მაგალითად, პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრი, კშიშტოფ ბოლესტა ამბობს, რომ „რუსული ენერგეტიკული იმპორტი მზარდია, რაც ცუდი ნიშანია და წევრმა სახელმწიფოებმა ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ.“
Politico-ს ცნობით, ამჟამად უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროპულ საბჭოში თავისი ქვეყნის პრეზიდენტობას სანქციებზე დუმილისთვის იყენებს.
ცნობისთვის: ივნისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი მიიღო. შეზღუდვები 116 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. ამასთან, ევროკავშირმა ევროპის პორტებით რუსული LNG-ის ტრანზიტი შეზღუდა. ასევე, შეიზღუდა ახალი ინვესტიციები და საქონლის, ტექნოლოგიებისა თუ მომსახურების მიწოდება LNG-ის მშენებარე პროექტების დასასრულებლად, როგორიც Arctic LNG 2 და Murmansk LNG-ია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ