„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, 2015-24 წლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა, ოპოზიციურ პარტიებს 800 000 ლარამდე თანხა შესწირეს.
ასევე, როგორც მიქანაძემ ცესკო-ში დარეგისტრირებულ ზოგიერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე საუბრისას აღნიშნა, მათ მიერ „არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი მიკერძოებული იქნება”.
„მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, საბოლოოდ, 800 ათას ლარამდე თანხა შესწირეს. საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები, კვლევის შედეგად მხილებული შემომწირველების მიერ გადარიცხული თანხები რამდენად არის მათ მიერ გაცემული გრანტებიდან?!
აშკარაა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი მიკერძოებული იქნება და ობიექტურობასთან საერთო არაფერი ექნება. ამიტომაც, ინფორმაციებს ამ ორგანიზაციების შესახებ მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.
აქვე, მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.
შემაჯამებელი, მოცულობითი ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე ქართულ და ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ „ქართული ოცნების“ “ფეისბუქ” გვერდზე, რომელიც დღესვე დაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.