დავით ონოფრიშვილი: თამბაქოზე დაწესებული ახალი გადასახადი სიგარეტზე ფასის მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ონოფრიშვილის აზრით, თამბაქოზე დაწესებული ახალი გადასახადი სიგარეტზე ფასის მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს.

ამასთან, როგორც საკითხის კომენტირებისას ონოფრიშვილმა განაცხადა, ე.წ. ადვალური გადასახადი "უფრო სამართლიანი გადასახადია, ვიდრე მანამდე იყო". მისივე განმარტებით, აღნიშნული სახეობის გადასახადის შემოღებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2013 წლიდან ითხოვდა.

"პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ გადასახადის შემოღებას ითხოვდა 2013 წლიდან, რადგან თამბაქოს საგადასახადო ტვირთი ბევრად მაღალი იყო იმპორტირებულ სიგარეტზე, თანაც ცნობილ ბრენდებზე, ანუ ადგილობრივი მწარმოებლები არ იყვნენ თანაბარ პირობებში. აქედან გამომდინარე, ეს უფრო სამართლიანი გადასახადია, ვიდრე მანამდე იყო. ალბათ ყველამ იცის ისიც, რომ საქართველოში თამბაქოზე ფასები 7-8-ჯერ დაბალია ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით, განსაკუთრებით კი ხარისხიან სიგარეტზე. თანაც, რაც უფრო ნაკლებს მოწევს მოსახლეობა, მით უკეთესია, თუმცა ამ ცვლილებამ არა მგონია სიგარეტის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) ახალი სახეობის ე.წ. ადვალური გადასახადი შედის ძალაში. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილება 2015 წლის 1 ივლისიდან ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) დამატებით აქციზის დაწესებას - საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ოდენობით. საუბარია ე.წ.ადვალურ, ანუ გადასახადის იმ სახეობაზე, რომელიც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, იგულისხმება ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვა.