ისრაელში სწავლების მსურველთათვის სტიპენდიები გამოიყოფა

საქართველომ და ისრაელმა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის დარგში 2015 -2018 წლებში თანამშრომლობის პროგრამა გააფორმეს.

შეთანხმების მიხედვით, თანამშრომლობა მოიცავს: ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას, მასწავლებელთა ტრენინგებს, სკოლის ორგანიზებასა და მართვას, დეცენტრალიზაციასა და სკოლის ავტონომიას, ნიჭიერ ბავშვთა განათლებას, უმცირესობათა ჯგუფების კულტურულ ინტეგრაციას, ანტინარკოტიკულ პროგრამას, უცხოური ენების სწავლებას, პროფესიულ განათლებასა და სხვა.

ქართველ მასწავლებლებს (განსაკუთრებით ისტორიის პედაგოგებს), საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ჰოლოკოსტისა და ანტისემიტიზმის ისტორიის სამკვირიან კურსში, რომელიც იერუსალიმში ყოველი წლის ივლისში იმართება. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთი ქვეყნების ენის, ლიტერატურის, ისტორიის და კულტურის სწავლებას სკოლამდელ, ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში. ამ მიზნით, მიიწვევენ სათანადო ექსპერტებს პარტნიორი ქვეყნიდან ლექციებისა და სემინარების ჩასატარებლად.

სამაგისტრო ან კვლევითი პროგრამის სტუდენტებს, რომელთაც სურთ ისწავლონ ისრაელის უნივერსიტეტში, შესაძლებლობა მიეცემათ, თანამედროვე ებრაულის შესასწავლი კურსის გასავლელად ერთწლიანი სტიპენდია მიიღონ, ასევე ორი სპეციალიზებული სტიპენდია ერთი აკადემიური წლისათვის. შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. თავის მხრივ, საქართველო ისრაელელ სტუდენტებს სრული სამაგისტრო პროგრამის გასავლელად, სთავაზობს ყოველწლიურად ერთ სტიპენდიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან პროგრამებზე.

ისრაელის მხარე უზრუნველყოფს „ულფანის ენების სკოლის“ მონაწილეებს/პროგრამით დადგენილი სტიპენდიების ბენეფიციარებს უფასო სწავლებით, საცხოვრებელი ხარჯებით, სამედიცინო დაზღვევით. ქართული მხარე კი ისრაელელ სტუდენტებს - უფასო სწავლებითა და ყოველთვიური 600-ლარიანი სტიპენდიით (საყოფაცხოვრებო ხარჯებისა და დაზღვევის ჩათვლით).  წახალისდება აკადემიური პერსონალისა და მეცნიერთა გაცვლა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე/სემინარებზე, ასევე საერთო ინტერესის მქონე ერთობლივი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების და პროექტების განხორციელება და ახალგაზრდების გაცვლის პროგრამები.

შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას სპორტშიც, უმთავრესად, სპორტული გუნდების, ტრენერების და ექსპერტების გაცვლის სახით.

ბელა ნოზაძე