USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ USAID-ში განუცხადეს.
USAID-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ამერიკის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის შეჩერებული 95 მლნ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი იყო.
„საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის საპასუხოდ, აშშ-ს მთავრობამ შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.
ეს პაუზა მოიცავს USAID-ის გარკვეულ საქმიანობასაც, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას. მათ შორისაა „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის ერთობლივ პროგრამაზე.
USAID აგრძელებს იმ პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერენ უშუალოდ საქართველოს მოსახლეობას, მათ შორისაა ბიზნესებისა და მეწარმეების მხარდაჭერა,რომელიც ჩვენი ხელშეწყობით ეკონომიკური ზრდის მრავალი პროგრამის მეშვეობით ხორციელდება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ USAID-ში.