„ჩვენი კომპანია რომ არ არსებობდეს, მაშინ ქვეყანაში უცხოური საიტები განვითარდებოდნენ“ - რამდენს ხარჯავს ლომთაძე Kaspi-ს სერვისებზე

Kaspi თავის სერვისებზე ყოველწლიურად 200 მლნ დოლარს ხარჯავს

Kaspi.kz სერვისების განვითარებაზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 მლნ დოლარს ხარჯავს. ამის შესახებ Kaspi.kz-ის მმართველმა და თანადამფუძნებელ მიხეილ ლომთაძემ ალმათიში გამართულ Kursiv Ecosystems Forum 2024-ზე განაცხადა.

„ტექნოლოგიები და სერვისები, რომლებსაც ვქმნით, ჩვენი მხრიდან უზარმაზარი ინვესტიციაა. სერვისების შემუშავება, მათი მხარდაჭერა, ტექნოლოგია, დიზაინი, ანუ ყველაფერი, რაც პროდუქტის განვითარებასთან არის დაკავშირებული, წელიწადში, დაახლოებით, 200 მლნ დოლარი გვიჯდება. სამიდან ექვს თვეში ერთხელ ჩვენ ახალ სერვისს ვიწყებთ,“ - აცხადებს ლომთაძე.

მან ხაზგასმით დასძინა, რომ Kaspi-ის მიერ შექმნილი ყველა ტექნოლოგია, პროდუქტი, სერვისი და დიზაინი ყაზახეთში, ყაზახური გუნდის, ანუ იმ ადამიანების მიერ დამზადდა, რომლებიც Kaspi-ში მუშაობენ და ყველა მითი იმის შესახებ, თითქოს, კომპანიას კონსულტანტების ბრბო ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ჩვენი კომპანია რომ არ არსებობდეს, მაშინ ქვეყანაში მხოლოდ უცხოური საიტები და უცხოელი ტრეიდერები განვითარდებოდნენ, ხოლო ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი მათ კონკურენციას ვერ გაუწევდა,” - ამბობს ლომთაძე.

მისი ცნობით, Kaspi.kz ტექნოლოგიაში მუდმივად ინვესტირებს და ახლახან ბიზნესისთვის სადეპოზიტო მომსახურება ჩაუშვა.

1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის აქციონერების წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: მიხეილ ლომთაძე - ჩვეულებრივი აქციების 22,60%, ვიაჩესლავ კიმი - 21,40% და Baring Funds - 24,97%.

ცნობისთვის: Kaspi.kz-ის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული. ამ დროისთვის კომპანიის კაპიტალიზაცია, მინიმუმ, 22.28 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მლრდ დოლარით მეტია. 2023 წლის 21 ოქტომბრისთვის Kaspi 17.22 მლრდ დოლარი ღირდა. ამასთან, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს NASDAQ-ზე კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 115.2 დოლარს შეადგენს.

ამჟამად Kaspi-ს, დაახლოებით, 14 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩართული მობილური აპლიკაციაა. კერძოდ, 100 ყოველთვიური მომხმარებლიდან 65-ზე მეტი აპლიკაციაში ყოველდღიურად შედის. კომპანიის გუნდი 9,000-ზე მეტ ადამიანს მოიცავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ