„ბიზნესისთვის თანაბარი პირობები უნდა შეიქმნას“ - რა უნდა გააკეთოს მომავალმა მთავრობამ

სასამართლო სისტემა, ადმინისტრაციული ბარიერები თუ მარეგულირებელი ორგანოები - ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რის წინაშეც დღეს საქართველოში ბიზნესი დგას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ურჩევენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მომავალ მთავრობას და რა უნდა გაკეთდეს უკეთესი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი აღნიშნავს, რომ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია სასამართლო სისტემის ცვლილება.

„ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები:

1. მთლიანი სასამართლო სისტემის შეცვლა, ყველა საეჭვო მოსამართლის მოხსნა და შესაბამისი მექანიზმის ჩამოყალიბება სრულად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით;

2. თანაბარი პირობების შექმნა როგორც ქართული, ისე უცხოური ბიზნესებისთვის;

3. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინვესტიციების განხორციელება ხელოვნური შეფერხების გარეშე უზრუნველყოფილი უნდა იყოს;

4. უნდა გადაიხედოს ბინადრობის ნებართვის პროცესი ბიზნესებისთვის და გაკეთდეს ისე, როგორც ეს არის ემირატებში. საჭირო არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება;

5. პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭო უნდა აგვარებდეს ყველა საკითხს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა დელიკატური იყოს ეს საკითხები და იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგება მთავრობის დღის წესრიგს;

6. ბიზნესომბუდსმენის ოფისი უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი და ბიზნესომბუდსმენი არჩეული უნდა იყოს ბიზნეს საზოგადოების მიერ. ბიზნესომბუდსმენის ოფისმა ყველა წამოჭრილი პრობლემის კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში მოგვარება უნდა უზრუნველყოს;

7. დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ყველა კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნესზე და ქმნის ბიუროკრატიულ ბარიერებს - ასეთი უნდა გაუქმდეს;

8. და ბოლოს, უნდა დაისაჯონ საჯარო მოხელეები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავის უფლებამოსილებას ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განუცხადა ფადი ასლიმ „ბიზნესპრენიუსს“.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

მერი ტაბატაძე