ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი წუხილი ისაა, რომ დღეს პრობლემას ადმინისტრაციული ორგანოებიც წარმოადგენენ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ბიზნესს ბარიერებზე კომენტირებისას განუცხადა.
შეგახსენებთ, BAG კვლევის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესის 40% ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სასამართლო და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებდა. გამოკითხული სუბიექტებიდან 75% ამბობდა, რომ ამ კუთხით მთავარი გამოწვევაა მარეგულირებელი გარემო, 55% ადმინისტრაციულ საკითხებს ასახელებდა, სასამართლო სისტემა კი ბარიერს 40%-სთვის წარმოადგენდა.
იურისტი აღნიშნავს, სასამართლო სისტემა კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს ბიზნესებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები წლობით იწელება. გარდა სასამართლოსი, პრობლემურია ადმინისტრაციული ნაწილიც. კერძოდ, ალაფიშვილის თქმით, ადმინისტრაციული ორგანოები ხშირად პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებენ და ბიზნესს დავის გადასაჭრელად სასამართლოში ამისამართებენ, რაც ისევ და ისევ დაკავშირებულია დროში გაწელილი პროცესებთან.
„თანამედროვე ბიზნესი, მათ შორის საქართველოში, არ არის თავისუფალი სხვადასხვა ადმინისტრაციული მოთხოვნისგან. ნებისმიერი ბიზნესი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის პროცესს გადის და უწევს რეგულაციების დაკმაყოფილება. ჩვენთან პრობლემაა არამხოლოდ გაჭიანურებული და არაკვალიფიციური სასამართლო, არამედ ადმინისტრაციული ორგანოები და მარეგულირებლები.
სასამართლოში პროცესები ჭიანურდება. გარდა ამისა, თავად ადმინისტრაციულ ორგანოებშიც მიდგომები ასეა, რომ ურჩევნიათ პასუხისმგებლობა არ აიღონ, უარი უთხრან კანონშესაბამის მოთხოვნაზე ბიზნესს და იქვე უთხრან, რომ, მოდი წადი სასამართლოში, სასამართლომ გვითხრას და მათ გადაწყვეტილებას შევასრულებთო. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იცის, რომ სასამართლო წლობით გაიწელება, იციან, რომ მათ წინააღმდეგ სასამართლო ბიზნესს სარჩელს დაუკმაყოფილებს, მაგრამ მაინც უშვებენ ბიზნესმენს სასამართლოში, რაც დროში იწელება.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუკი კონკრეტული „პოლიტიკური ინტერესია“ ამა თუ იმ სფეროში. შეიძლება მაგალითად, ამა თუ იმ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვაც კი ვერ მოიპოვო წლების განმავლობაში. ტექნიკურ მცირე დეტალზეც კი ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, უარი უთხრას ბიზნესს ან ხარვეზი დაუდგინოს“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში სექტორების მიხედვით, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების შესახებ აცხადებდა სამშენებლო სფეროს 50%, მომსახურების სფეროს 48%, ვაჭრობის სექტორის 42% და მრეწველობის 11%.