სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ანგარიშს უწევს 4 პარტიას“  და პრემიერობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

ნუ გეშინიათ ხმა მიეცით იმას, ვინც უახლოვდება თქვენს მსოფლმხედველობას. იცოდეთ, რომ ეს პარტიები ჩემს წინაშე არიან ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ შეასრულონ „ქართული ქარტია“ , რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში. ამაზე ყველას პასუხს მოვთხოვ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამომრჩეველი არის ყველაზე ბრძენი და მე მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ჩათვალეთ, რომ არჩევანი გაქვთ - 4 პარტია. შეიძლება არცერთი არ იყოს თქვენთვის იდეალური, მაგრამ ჯამში, ესენი არიან ჩვენი მომავალი. ჩვენ შემდეგ ვნახავთ ზოგი პარტიის გარდაქმნას, ალბათ, ვნახავთ ახალ პარტიებს. შიში და ცესკო-ზე კონტროლი რომ მოიხსნება, ბევრად უფრო ღია იქნება საარჩევნო სივრცე. ნუ გეშინიათ ხმა მიეცით იმას, ვინც უახლოვდება თქვენს მსოფლმხედველობას. იცოდეთ, რომ ეს პარტიები ჩემ წინაშე არიან ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ შეასრულონ „ქართული ქარტია“ , რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში. ამაზე ყველას პასუხს მოვთხოვ.

ეს ოთხი პარტია არის მედიატორი იმისთვის, რომ ჯამში მივიღოთ ის პროცენტები, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, რომ მარტივად იყოს მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც „ქართულ ქარტიაში“ გვიწერია, მარტივად გავაუქმოთ „რუსული კანონები“. ნუ გეშინიათ და „ქარტიის“ ხმები მეც მომეცით ამ ფორმით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, მას ჰყავს შერჩეული მომავალი მთავრობისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. იქიდან გამომდინარე , რომ პარტიების სურვილია კანდიდატი არჩევნების შემდეგ დასახელდეს, ის ანგარიშს უწევს მათ სურვილს.

„მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი. „ქართულ ქარტიაში“ წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. პრემიერობის ერთი კანდიდატი მყავს. ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვეძებე და შევჯერდი. მე ანგარიშს ვუწევ ამ 4 პარტიას, რადგან არ უნდა იყოს არანაირი დისონანსი. მათგან მოვისმინე , რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ.

მართალია მათი ქარტიის ინტერპრეტაცია, რადგან ქარტიაში არ წერია ის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა იყოს წარდგენილი თუ მანამდე. რადგან უმრავლესობის ხედვა იყო,რომ ჯობია არჩევნების შემდეგ იყოს . ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა , იმ გაგებით, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული. ეს ბევრად ადვილია პარტიებისთვის შეჯერდნენ, რადგან მათი ხედვები არის სხვადასხვა.

ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული, ამაზეც არჩევნების შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას.

ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ მე არსად არ მივდივარ, აქ ვარ. არჩევნების მერე აქ ვიქნები და ძალიან გავუფრთხილდები ამ ქვეყნის სტაბილურობას. ძალებს მოვიკრებ იმისთვის, რომ ასე მოხდეს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.