ფქვილის იმპორტი 35%-ით გაიზარდა, ხორბლის კი 56%-ით შემცირდა - უდიდესი წილი კვლავ რუსეთზე მოდის

საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ფქვილის იმპორტი წლიურად 35.6%-ით გაიზარდა, ხოლო ხორბლის იმპორტი 56%-ით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 9 თვეში საქართველომ 31.306 მლნ დოლარის ღირებულების 113 305 ტონა ფქვილი იყიდა, წელს კი ფქვილის იმპორტი 53 313 ტონამდეა შემცირებულია (ჯამური ღირებულება 13.784 მლნ დოლარი).

ამასთანავე, საქართველოში წელს იმპორტირებულია 223 665 ტონა ხორბალი, რის საერთო ღირებულებამაც 52.22 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტირებული იყო 38.5 მლნ დოლარის ღირებულების 143 433 ტონა ხორბალი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ფქვილს, ისვე როგორც ხორბალს, ძირითადად რუსეთიდან ყიდულობს. მაგალითად, მიმდინარე წელს ფქვილის იმპორტში რუსეთის წილი 96%-ს აჭარბებდა (12.6 მლნ დოლარის 51 462 ტონა), ხოლო ხორბლის შემთხვევაში რუსეთის წილი 99.9%-ს გაუტოლდა (52.19 მლნ დოლარის 223 630 ტონა).

შეგახსენებთ, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადი მოქმედებს. მთავრობამ ამის შესახებ განკარგულება 2023 წლის 12 ივნისიდან აამოქმედა, რომელსაც 2024 წლის 1-ელ მარტამდე უნდა ემოქმედა, თუმცა 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

თავდაპირველად, ბაჟი ტონაზე 50 ლარს შეადგენდა, მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად, მთავრობაში ადგილობრივი მეხორბლეებისა და წარმოების წახალისებას ასახელებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საიმპორტო გადასახადი ფქვილზე 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა.

საიმპორტო გადასახადი თავდაპირველად 2024 წლის 1-ელ მარტამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, შემდეგ ვადა 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. მიმდინარე წლის აგვისტოში მთავრობამ საიმპორტო გადასახადი კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის მარტამდე გაახანგრძლივა.

ცნობისთვის, ფქვილთან ერთად საიმპორტო გადასახადი მოქმედებს ქერსა და ქატოზეც, ფასი ერთ ტონაზე კი 100 ლარს შეადგენს.

მერი ტაბატაძე