5 გადაუდებელი ნაბიჯი მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობად - რეკომენდაცია ახალი მოწვევის პარლამენტს

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ახალი მოწვევის პარლამენტს 5 გადადებელი ნაბიჯის გადადგმას ურჩევს, რომელიც ორგანიზაციის განმარტებით, მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.

როგორც ISET-ი განმარტავს, გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად, მნიშვნელოვანია ქვეყანამ გააუქმოს ბოლო დროს მიღებული კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, სათანადოდ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 9 დათქმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

ISET-ი ახალი მოწვევის პარლამენტს ურჩევს უმოკლეს ვადაში გადადგას შემდეგი 5 ნაბიჯი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობად:

„1. გააუქმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2024 წლის 4 ივნისს შეტანილი ცვლილება, რომელიც „ოფშორების კანონის“ სახელითაა ცნობილი და ხელს უწყობს საგადასახადო ოაზისებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანას. აღნიშნული ცვლილება საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში, ფულის გათეთრებისა და სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლებლობის შესახებ საფუძვლიან რისკებს აჩენს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს კოდექსში შეტანილი საგადასახადო ცვლილებების მიზანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაა, მასთან დაკავშირებული რისკები და რეპუტაციული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ სარგებელს.

2. გაუქმდეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის 27 ივნისს შეტანილი ცვლილებები საპენსიო სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. აღნიშნული ცვლილებით შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს ფონდის მმართველობის ეფექტურობა და გაიზარდოს პოლიტიკური ზეგავლენის რისკი საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. ასევე, ცვლილებმა შესაძლოა გამოიწვიოს კონკურენციის შეზღუდვა, რაც არც მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებშია და საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც ნეგატიურად აისახება. ამავდროულად, შემოთავაზებული ცვლილები აჩენს სხვადასხვა სამთავრობო პროექტში ისეთი ინვესტიციების განხორციელების რისკებს, რომლებიც საპენსიო სისტემის მონაწილეთა ინტერესების საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.

3. თავისი მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სრული დაკომპლექტება დამოუკიდებლობითა და პატიოსნებით გამორჩეული პროფესიონალებით (საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად).

4. თავისი მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოს ქვეყნის შიდა კანონმდებლობის და რეგულაციების სრული შესაბამისობა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს სხვა დასავლელი პარტნიორების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების პირობებთან.

5. უზრუნველყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გამჭვირვალობა.

ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ჩინური ხელშეკრულებები ხშირად მოიცავს უზრუნველყოფის საშუალებებს და მიწოდების გარანტიებს, რომლებიც ძირითად შემთხვევაში კასკადური ხასიათისაა. აღნიშნული აჩენს კითხვებს საქართველოსთვის ფისკალური პასუხისმგებლობისა და ისეთი პირობითი ვალდებულებების წარმოშობის ალბათობის შესახებ, როგორიც სახელმწიფო გარანტიებია, რომლებიც შესაძლოა გადაიზარდოს პირდაპირ ვალდებულებებში და რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტზე. აქ ემატება ისიც, რომ პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან საწყისი კაპიტალისა და სესხის ფინანსირებას, რომელიც შესაძლოა საპენსიო ფონდის ან ჩინური კომპანიებიდან აღებული სესხების მეშვეობით განხორციელდეს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულებები ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით უნდა იყოს საჯარო“,- აღნიშნულია ISET-ის რეკომენდაციებში.

ნინი ქეთელაური