სოფელ შროშასთან ადგილობრივი მეწარმეებისთვის სპეციალური სავაჭრო სივრცეები ეწყობა - პროექტი დასრულების ეტაპზეა

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ტრანსპორტი რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით ისარგებლებს.

როგორც გზის გახსნის ცერემონიაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით, რომელიც 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს, ანახევრებს მგზავრობის დროს.

„რიკოთის მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება. დასკვნით ეტაპზეა ფერდების სტაბილიზაციის სამუშაოები, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე გამომწვევ ფერდზე, სადაც უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ახლაც გრძელდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ყველა ტექნოლოგიური პარამეტრისა და მოთხოვნის აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია. საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია,“ - განაცხადა ქარსელაძემ.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა, შენდება 51 გვირაბითა და 97 ხიდით.

პროექტი ფარგლებში, დასრულების ფაზაშია სოფელ შროშასთან, ახალი გზის ორივე მხარეს, სპეციალურ მოედნებზე სავაჭრო სივრცეების მშენებლობა ადგილობრივი მეწარმეებისათვის. ასევე, სხვადასხვა სახის პროცედურები მიმდინარეობს სურამთან და ზესტაფონთან სავაჭრო სივრცეებისა და მგზავრთა მომსახურების ცენტრის მშენებლობისთვის.

ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10,000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკისგან (WB) მიღებული სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.

ეკა დარჩიაშვილი