„ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებულები იყვნენ“ - კალაძე ზღვისუბნის პარკში ფერდის ჩამორეცხვაზე

„უნდა გენახათ ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებულები იყვნენ, თითქოს რამდენიმე დღის წინ გახსნილი პარკი, რა მდგომარეობაშია,“ - ასე გამოეხმაურა თბილისი მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ზღვისუბნის პარკში წყლის მილის დაზიანების შედეგად ფერდის ჩამორეცხვის ფაქტს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში „ჩემი ქალაქი მკლავს“ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ფერდის ჩამორეცხვის კადრები იყო ასახული.

„გუშინ, ზღვისუბნის პარკში ერთ-ერთ ფერდზე დაზიანდა წყლის მილი. ცხადია, შესაბამისი კომპანია უკვე მუშაობს და დღის ბოლომდე ყველაფერი მოგვარებული იქნება. მილის დაზიანებამ გამოიწვია პატარა ფერდის ჩამორეცხვა და მიწა ჩამოიტანა. უნდა გენახათ ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებული და ბედნიერები იყვნენ - თითქოს რა მდგომარეობაშია, რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტიო. არადა არაფერი მომხდარა. წყლის მილი დაზიანდა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ყველას ვისაც არ უხარია ამ ქალაქის წინსვლა, მინდა ვუთხრა, ეს ქალაქი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში საცხოვრებლად, თავისი სილამაზით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით,“- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ამავე თემაზე: თბილისის მერია - ზღვისუბნის პარკში, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე