„ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ამ ეტაპზე ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტის ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დაზუსტების შემდეგ უახლოეს მომავალში საპარტნიორო და საკონცესიო შეთანხმება გაფორმდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში, წინადადებები მხოლოდ ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) წარადგინა, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ არის გაფორმებული.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს. სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ჩვენ ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დავასახელეთ. თუმცა ვფიქრობ, სამუშაოები უფრო მაღალი ტემპით წარიმართება.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში ისეთი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული, როგორიცაა ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი. პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
უკვე გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას. ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას.
რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც, უახლოეს მომავალში საპარტნიორო და საკონცესიო შეთანხმება გაფორმდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.