2024 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბინების და კერძო სახლების ფასი შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, წლიურად ანუ 2023 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით საცხოვრებელუ უძრავი ქონების ფასი გაზრდილია.
„2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8 პროცენტი შეადგინა.
2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 46.7 პროცენტით არის გაზრდილი.
ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
„2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.1 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-0.2 პროცენტი).
2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 7.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 9.7 პროცენტით,“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.