ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთში რეფერენდუმის ჩატარებამდე მოლაპარაკებების გამართვას გამორიცხავენ

ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთში რეფერენდუმის ჩატარებამდე მოლაპარაკებების გამართვას გამორიცხავენ. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი, იანის ვარუფაკისი კრედიტორებს შანტაჟში ადანაშაულებს. მისივე თქმით, რეფერენდუმის დასრულების შემდეგ შეთანხმების მიღწევა მალევე მოხდება, რის შემდეგაც ბანკებიდან თანხების გამოტანის შეზღუდვები შესუსტდება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა გუშინ კრედიტორებს წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ის მზადაა ევროზონის პირობების უმრავლესობას დათანხმდეს. თუმცა, ციპრასი ითხოვს, რომ კრედიტორების ორ პირობაში ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, საბერძნეთს სურს, კუნძულებისთვის დღგ-ის შემცირებული რაოდენობა შენარჩუნდეს და საპენსიო ასაკის გაზრდა 67 წლამდე არა დაუყოვნებლივ, არამედ ოქტომბრიდან დაიწყოს. 5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმი გაიმართება, რა დროსაც მოსახლეობა გადაწყვეტს, დაუჭირონ თუ არა მხარი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას.