უკრაინული კომპანია “ნოვაია პოჩტას“ თვითმფრინავები კიევისა და ლვოვის მიმართულებით ფრენებს იწყებენ. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის დადგენილებაში წერია, რასაც The Moscow Times ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად, Supernova Airlines-მა რეგულარული საერთაშორისო სამოქალაქო რეისებისთვის ლვოვი-პრაღისა და კიევი-პრაღის მარშრუტებზე ფრენის უფლება მიიღო, რომელიც კვირაში შვიდი რეისის სიხშირით შესრულდება.
ნებართვა ძალაში 1 ნოემბრიდან შედის და შეუზღუდავი ვადით მოქმედებს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის დაკეტილი იყო და ფრენების აღდგენის საკითხი არაერთხელ დაისვა. 2023 წლის ივლისში უკრაინის არმიის საჰაერო ძალებმა ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმებისა და დრონების გამო საჰაერო მიმოსვლის აღდგენა უსაფრთხო ჯერ კიდევ არ იყო.
მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის თავმჯდომარე ალექსანდრე ბილჩუკმა განაცხადა, რომ სამგზავრო მიმოსვლის აღდგენისთვის ავიაციის სრულად მომზადებას ერთი თვე სჭირდება და სამუშაოს დაწყება მხოლოდ ფრენის ნებართვის მოპოვებაზეა არის დამოკიდებული.
მაისში საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია, Eurocontrol პროგნოზირებდა, რომ უკრაინის თავზე ფრენების შეზღუდვა 2029 წლამდე გაგრძელდებოდა. თუმცა ამის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრ დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ლვოვის აეროპორტი მუშაობის განახლებას შეძლებდა, თუ უკრაინა გამანადგურებელ F-16-ებს მიიღებდა.
ასევე, გაჩნდა ინიციატივა უჟგოროდის აეროპორტის გახსნის შესახებ, საიდანაც თვითმფრინავები აფრენისას მაშინვე სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში შედიან. თუმცა ხელისუფლება მაშინ აცხადებდა, რომ ომის დასრულებამდე სამოქალაქო ფრენების საკითხის განხილვა ნაადრევი იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ