მიხეილ სარჯველაძემ ახალქალაქში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა

მიხეილ სარჯველაძემ ახალქალაქში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ოცდახუთი თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს.

უწყების განმარტებით, შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებით არის დაპროექტებული და სრულად ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

მინისტრი სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ნიკოლოზ ჩიქოვანთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ანტონ ობოლაშვილთან და სამველ მანუკიანთან ერთად იმყოფებოდა.