თურქეთმა რუსეთში ამერიკული სამხედრო პროდუქციის ტრანსპორტირება აკრძალა

თურქეთმა, ოფიციალური განცხადების გარეშე, თავის ექსპორტიორებს ამერიკული სამხედრო პროდუქციის რუსეთში ტრანსპორტირება აუკრძალა.

ინფორმაციას Financial Times-ს საკითხის მცოდნე სამ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვაშინგტონი ანკარას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერის შედეგებით დაემუქრა.

თუ აქამდე თურქეთი, რომელიც დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა, ამჯერად ხელისუფლებამ ქვეყნის ეროვნულ ელექტრონულ საბაჟო სისტემაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, ექსპორტიორებს რუსეთში იმ ამერიკული პროდუქციის გადაზიდვა აეკრძალათ, რომელიც „მაღალი პრიორიტეტის“ 50 პროდუქტის სიაში შედის.

ეს სია, რომელიც რუსული სამხედრო მრეწველობისთვის კრიტიკულად საჭირო საქონლის ჩამონათვალია, აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ შეადგინა. მასში შედის მოწინავე ელექტროსაქონელი, მათ შორის, პროცესორები და მეხსიერების ბარათები, რომლებიც რაკეტებსა და დრონებში გამოიყენება, ასევე, დისტანციური მართვის სისტემები, ჩარხები და სხვა აღჭურვილობა, რომლებიც იარაღის წარმოებაში გამოიყენება.

წყაროს ცნობით, მანამდე თურქეთმა მსგავსი საქონლის ევროკავშირიდან მიწოდებაც დაბლოკა. ეს შეზღუდვები საჯაროდ არ ცხადდება, რადგან “პოლიტიკურად მგრძნობიარე” საკითხია.

აგვისტოში აშშ-ის ვაჭრობის მდივნის თანაშემწე, მეთიუ აქსელროდი ანკარასა და სტამბოლში თურქ ჩინოვნიკებსა და ტოპ მენეჯერებს შეხვდა. მან თურქი წარმომადგენლები უსიამოვნო „შედეგების“ შესახებ გააფრთხილა, თუ ასეთი პროდუქციის რუსეთში მიწოდება არ დაიბლოკებოდა.

თურქეთის გავლით დასავლური პროდუქციის რუსეთში მიწოდება მნიშვნელოვნად მას შემდეგ შემცირდა, რაც 2023 წლის დეკემბერში აშშ-მა სხვა ქვეყნების ბანკებს, რომლებიც სანქცირებული საქონლით ტრანზაქციებს ემსახურებიან, მეორადი სანქციებით დაემუქრა. შედეგად თურქულმა ბანკებმა მსგავსი ტრანზაქციები შეწყვიტეს.

ცნობისთვის: თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უკრაინის ომამდე, თურქეთიდან რუსეთში “მაღალი პრიორიტეტის” საქონლის ყოველთვიური ექსპორტი თვეში მხოლოდ 3 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც 2022 წლის დეკემბრისთვის 37,6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა აშშ-ის მიერ მეორადი სანქციების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ეს ოდენობა 26,5 მლნ დოლარს, ხოლო მიმდინარე წლის ივლისში მხოლოდ 4,5 მლნ დოლარს შეადგენდა.

Trade Data Monitor-ის მონაცემებით, მთავარ მიმწოდებელ ქვეყნად, ჰონგ-კონგის ჩათვლით, ჩინეთი რჩება, რომელმაც გასული წლის ივლისში რუსეთს 377,7 მლნ დოლარის სამხედრო პროდუქცია მიჰყიდა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში ამ მაჩვენებელმა 680 მლნ დოლარს გადააჭარბა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ