“ეროვნულ ბანკს დავალება აქვს მიცემული, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს სავალუტო კურსი. შესაბამისად, ის ყიდის დოლარებს“,- ასე აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს.
კერძოდ, დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი კიდევ გაყიდა, რაც მიმდინარე თვეში უკვე მესამე ინტერვენციაა. უფრო კონკრეტულად, 16 ოქტომბერს სებ-მა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა და 64.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. მანამდე, 8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარიც გამოიტანა, საიდანაც 48.5 მლნ გაიყიდა. შედეგად, მხოლოდ მიმდინარე თვეში 173.4 მლნ დოლარი, მთლიანად 2024 წელს კი მხოლოდ სავალუტო აუქციონებით ბაზარს 342.1 მლნ დოლარი მიაწოდა.
“ეროვნულ ბანკს დავალება აქვს მიცემული, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს სავალუტო კურსი. შესაბამისად, ის ყიდის დოლარებს, როდესაც ხედავს მერყეობას. ამას აკეთებს იმისთვის, რომ პირნათლად შეასრულოს დავალება.
ზოგადად, არჩევნების წინ ყოველთვის დასაშვებია გარკვეული მერყეობები ეკონომიკაში, განსაკუთრებით სავალუტო კურსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს განსაკუთრებული არჩევნებია და ცხადია, მით უფრო მეტად იქნება გაურკვევლობის ფაქტორი. სწორედ ამ გაურკვევლობის ფაქტორს უკავშირდება ასეთი ტიპის მერყეობები“,- ამბობს აკაკი ცომაია.