„ადამიანები ქვეყნიდან მიდიან და გააქვთ თანხა უცხოურ ვალუტაში - ამას ემატება ინვესტიციების შენელებული პროცესი“

„ეროვნულმა ბანკმა ინტენსიურად დაიწყო ბაზარში ჩარევა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა და ანალიტიკოსმა, მიხეილ თოქმაზიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დამატებით 60 მლნ დოლარი გაყიდა, რაც მიმდინარე თვეში უკვე მესამე ინტერვენციაა. კერძოდ, 16 ოქტომბერს სებ-მა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 70 მლნ დოლარი გამოიტანა და 64.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ასევე, 8 ოქტომბერს სებ-მა გასაყიდად 60 მლნ დოლარიც გამოიტანა, საიდანაც 48.5 მლნ გაიყიდა. შედეგად, მხოლოდ მიმდინარე თვეში 173.4 მლნ დოლარი, მთლიანად 2024 წელს კი მხოლოდ სავალუტო აუქციონებით ბაზარს 342.1 მლნ დოლარი მიაწოდა.

თოქმაზიშვილის თქმით, სებ-ი ლარის გაუფასურების ან ინფლაციის მაღალ რისკებს ხედავს, რისი შერბილების მიზნითაც რეზერვები გასაყიდად გამოაქვს.

„როცა ეროვნული ბანკი ყიდის რეზერვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის ან კიდევ ლარის გაუფასურების საფრთხე არსებობს და ეროვნული ბანკი ცდილობს, შეარბილოს ეს პროცესები. ბუნებრივია, დღეს დაძაბული სიტუაცია არის ქვეყანაში და ეს თავისებურ ზეგავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე, გარკვეულწილად ხდება თავშეკავება აქტიური ოპერაციებისგან, რაც აისახება კიდეც ლარის კურსზეც. რამდენადაც მსგავსი რისკები არსებობს, ეროვნულმა ბანკმა ინტენსიურად დაიწყო ბაზარში ჩარევა“, - აღნიშნავს სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი.

ეროვნულმა ბანკმა დღევანდელი ინტერვენცია სხვა მიზეზებთან ერთად ახსნა იმით, რომ ხდება „ცალკეული მსხვილი ტრანზაქციები“, რაც გავლენას ახდენს ეროვნულ ვალუტაზე. თოქმაზიშვილს ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა რომ აღნიშნული მსხვილი ტრანზაქციები დაკავშირებული იყოს ქვეყნიდან ინვესტიციების გატანასთან.

„ცხადია, ეს პროცესი (ინვესტიციების გატანა) დიდი ხანია დაწყებულია და გრძელდება კიდევ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ისტორიულად ყველაზე მაღალი ემიგრაცია ხდება საქართველოდან, ადამიანები მიდიან და მათაც მცირე, მაგრამ მაინც, გააქვთ თანხა უცხოურ ვალუტაში. ამას ემატება ინვესტორების მხრიდან შენელებული პროცესი, დააბანდონ ფული საქართველოში. ბუნებრივია, ყველა ეს პროცესი უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსის სიმყარეზე“, - განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა.

მერი ტაბატაძე