Qatar Airways-მა Starlink-ის ინტერნეტით აღჭურვილი პირველი თვითმფრინავი წარადგინა

Qatar Airways-მა Starlink-ის ტექნოლოგიით აღჭურვილი მსოფლიოში პირველი Boeing 777-თვითმფრინავი ოფიციალურად გამოუშვა. ტექნოლოგია მგზავრებისთვის კავშირის შესაძლებლობებს აძლიერებს.

ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

Boeing 777-მა პირველი რეისი დოჰადან ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მიმართულებით 22 ოქტომბერს შეასრულა. ამ მოვლენის დემონსტრირებისთვის Qatar Airways-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბადრ ალ-მეიერი ვიდეოზარით Starlink-ის დამფუძნებელ ილონ მასკს, დაახლოებით, 10,7 კმ სიმაღლეზე ფრენისას დაუკავშირდა.

ავიაკომპანიის ამბიციური გეგმის თანახმად, მომავალ წელს Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველა Boeing 777-თვითმფრინავზე უნდა გაეშვას.

ავიაკომპანიების ინდუსტრიაში Qatar Airways-ის ახალი სტანდარტი პირდაპირი გამოწვევაა კონკურენტებისთვის, რომლებიც მგზავრებს დაბალსიჩქარიან და ხშირად არასტაბილურ ფასიან ინტერნეტ-სერვისს სთავაზობენ. Starlink-ით აღჭურვილ რეისზე მგზავრებს უწყვეტი და უფასო კავშირით მთელი ფრენის განმავლობაში შეუძლიათ, ისარგებლონ.

Qatar Airways მიზნად ისახავს, გადააჭარბოს თავის თავდაპირველ სამიზნეს Starlink-ით სამი თვითმფრინავის აღჭურვის შესახებ და წლის ბოლოსთვის თორმეტი ასეთი Boeing 777 წარადგინოს, ხოლო 2025 წელს ტექნოლოგია Boeing 777-ის მთელ ფლოტში დაინერგება.

ცნობისთვის: 13 სექტემბერს United Airlines-მა გამოაცხადა, რომ ხელი მოაწერა უმსხვილეს ხელშეკრულებას სექტორში Starlink-ის სერვისების გამოყენების შესახებ. ავიაკომპანიის ცნობით, ტესტირება 2025 წელს დაიწყება და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მთელ ფლოტზე, ანუ 1000-ზე მეტ თვითმფრინავზე გავრცელდება. ასევე, სექტემბრის ბოლოს Air France-მა განაცხადა, რომ Starlink-ის ინტერნეტ-სერვისების მთელ ფლოტზე გავრცელებას 2025 წლის ზაფხულიდან გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ