„ტაქსების ავტოპარკი მოძველებულია, ნელ-ნელა საჭირო იქნება ელექტრომობილებით ჩანაცვლება“ - ფედერაცია

იმის გამო, რომ ტურისტული სეზონი აღარაა, ტაქსით მომსახურებაზე მოთხოვნამ მცირედით დაიკლო - ამის შესახებ „საქართველოს ტაქსების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, ზურა აგლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის დაახლოებით 40-45 ათასი ტაქსისტია რეგისტრირებულია. აგლაძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ეტაპზე ხერხდება. მანვე ჩვენთან პრობლემების შესახებაც ისაუბრა.

„დიდი პრობლემაა საცობები. ასევე, არსებული პარკი ნელ-ნელა შესაცვლელია. მოძველებული პარკია, არაკომფორტული და საკმაოდ ხარჯიანი. ნელ-ნელა საჭირო იქნება ჩანაცვლება უფრო თანამედროვე ელექტრომობილებით, რათა ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდეს“, - აღნიშნავს „საქართველოს ტაქსების ფედერაციის“ დამფუძნებელი.

აგლაძის თქმით, ბაზარზე აპლიკაციებითა და ე.წ თეთრი ტაქტის მომუშავე მძღოლებს შორის კონკურენცია ასე თუ ისე დაბალანსებულია.

„აპლიკაციაზე მომუშავე ტაქსისტებს თავისი კლიენტები ჰყავთ, ე.წ თეთრი ტაქსის სახელით რეგისტრირებულ პირებს კი თავისი მომხმარებლები ჰყავთ, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია ბაზარზე კონკურენცია. მერიის თეთრი ტაქსების სერტიფიცირების საკითხმა გარკვეულწილად დაარეგულირა ბაზარი.

აპლიკაციაზე მომუშავე კომპანიები „ტრეფიკის“ მიხედვით თვლიან ფასებს, სხვადასხვა საათის დროს სხვადასხვა ფასიც აქვთ. დანარჩენი თეთრი ტაქსები მოლაპარაკებით ადგენენ და მათი ფასი, ძირითადად, დამოკიდებულია საწვავის ფასზე. შესაბამისად, საწვავი თუ გაძვირდება, თეთრი ტაქსები იძულებულები არიან, ტარიფი გააძვირონ“, - განაცხადა ზურა აგლაძემ.

იხილეთ ასევე: საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ტაქსი ყველაზე ძვირია - როგორია ტარიფები

მერი ტაბატაძე