ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, ნიკოლოზ გელაშვილი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკოლოზ გელაშვილმა მის დაქვემდებარებაში არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ საშეშე მორის მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 300 ლარი.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.