„ჩავატარებთ ახალ ტენდერს და ანაკლიის პორტის მშენებლობაში, მფლობელობაში და აქციონერობაში საქართველოს მოქალაქეებს მივაღებინებთ მონაწილეობას“ - მამუკა ხაზარაძე

„საქმე გვაქვს რიგით ბლეფთან. ბიუჯეტში ფული არ არის, რომ ანაკლიის პროექტი მალე დამთავრდეს. მათ თქვეს, რომ 2029-ში გაიხსნება და პირველ გემს მივიღებთო, როცა არ არსებობს ტენდერში გამარჯვებული არც ჩინური და არც სხვა კომპანია - ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ახალ ტენდერს, მოვიწვევთ მსოფლიოს წამყვან პორტის ოპერატორებს და ამავე დროს ანაკლიის პორტის მშენებლობაში, მფლობელობაში და აქციონერობაში ჩვენ მივაღებინებთ საქართველოს მოქალაქეებს მონაწილეობას“,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ძლიერი საქართველოს“ გეგმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება 2 წელიწადში დასრულდება და ქვეყანა პირველ გემს 2026 წელს მიიღებს.

„გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ, საოცრებაა, რომ 5 წელი გაჩერებულია ანაკლიის პროექტი და უცებ არჩევნებამდე 3 დღით ადრე იწყებენ იმ სამუშაოს, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ეს არის დაღრმავების სამუშაო. ამ კომპანიას ჩვენ ვიცნობთ, ჩვენს ტენდერშიც მონაწილეობდა ეს კომპანია. რასთან გვაქვს საქმე - ანაკლიის პროექტი, როგორც წარმოადგინა ხელისუფლებამ და ჩაატარა ტენდერი, ვერ განხორციელდება მარტივი მიზეზის გამო, პირველი, რომ თვითონ ტენდერის პირობებით, ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიას მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, თუ მასში სახელმწიფოს კაპიტალი არის 30%-ზე მეტი.

ის კომპანია, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, ჩინური კომპანია, თითქმის 80%-ით არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლის ქვეშ და ეს გუშინ დაადასტურა ეკონომიკის მინისტრმა, მან გუშინ თქვა, რომ ჩინურ კომპანიასთან ისინი კონტრაქტს ვერ დადებენ. შესაბამისად, რასთან გვაქვს საქმე - გვაქვს ისევ რიგით ბლეფთან. ბიუჯეტში ფული არ არის, რომ ეს პროექტი მალე დამთავრდეს. მათ თქვეს, რომ 2029-ში გაიხსნება და პირველ გემს მივიღებთ, როცა არ არსებობს ტენდერში გამარჯვებული არც ჩინური და არც სხვა კომპანია.

არსებობს სახელმწიფოს მიერ დაქირავებული კომპანია, რომელიც იწყებს დაღრმავებას, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რომელსაც სრული პორტის მშენებლობა ჰქვია. ჩვენ რას გავაკეთებთ - ჩვენ გაგვიადვილდა საქმე, იმიტომ, რომ მე გუშინ წინ გამოვაცხადე, რომ ჩვენ ახალ ტენდერს ჩავატარებთ, იმიტომ, რომ არ შემოგვეშვა ჩინური სახელმწიფო კომპანია. ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ახალ ტენდერს, მოვიწვევთ მსოფლიოს წამყვან პორტის ოპერატორებს და ამავე დროს, ანაკლიის პორტის მშენებლობაში, მფლობელობაში და აქციონერობაში ჩვენ მივაღებინებთ საქართველოს მოქალაქეებს მონაწილეობას.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევთავაზებთ აბსოლუტურად ახალ პრეცედენტს, რომელიც მისცემს საშუალებას თითოეულ თქვენგანს, გახდეს ანაკლიის პორტის თანამონაწილე. ეს პორტი და ეს პროექტი არის მომგებიანი, არის პრესტიჟული, არის საუკუნის პროექტი და მე ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა უნდა ააშენოს ეს პროექტი. ამით გადავწყვეტთ ორ საკითხს - ეს თანხა არ დააწვება ბიუჯეტს, იმიტომ, რომ ბიუჯეტს სხვა გამოწვევები აქვს და ეს თანხა იქნება იმ ხალხის მიერ მოგროვილი და შეტანილი, რომლებიც ამავე დროს გახდებიან აქციონერები ანაკლიის პორტის და უამრავი ასეთი საინტერესო მიდგომა გვაქვს. ამიტომ, დამერწმუნეთ, ანაკლიის პორტს ჩვენ დავასრულებთ 2 წელიწადში, პირველ გემს ჩვენ მივიღებთ 2026-ში“.- განაცხადა ხაზარაძემ.