„დიდი შვიდეული“ უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს გადასცემს, აშშ-ის წვლილი 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში მოადგილემ, დალიპ სინგჰმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი რუსეთის გაყინული აქტივების შემოსავლიდან გადაეცემა, რისი მეშვეობითაც “უკრაინა მისთვის საჭირო დახმარებას მიიღებს, [აშშ-ის] გადასახადების გადამხდელების დატვირთვის გარეშე”.
„დღეს ვაცხადებთ, რომ G7-ის 50 მილიარდი დოლარის ვალდებულებებიდან შეერთებული შტატები გეგმავს 20 მილიარდი დოლარის სესხის გადაცემას. სესხის დანარჩენი 30 მილიარდი დოლარი G7-ის ჩვენი პარტნიორებისგან იქნება, მათ შორის ევროკავშირისგან, დიდი ბრიტანეთისგან, კანადისგან და იაპონიისგან”, - განაცხადა სინგჰმა.
მან აღნიშნა, რომ „აქამდე არაფერი მსგავსი არ გაკეთებულა”.
„აქამდე არასდროს მრავალმხრივ კოალიციას არ გაუყინავს აგრესორი ქვეყნის აქტივები, და შემდეგ არ გამოუყენებია ამ აქტივების ღირებულება დაზარალებული ქვეყნის დაცვის დასაფინანსებლად, ამავდროულად კანონის უზენაესობის დაცვით და სოლიდარობის შენარჩუნებით”, - განაცხადა სინგჰმა.