იტალიის ხელისუფლება 2030-იანი წლების დასაწყისისთვის მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდის გახსნას გეგმავს, რომელიც კუნძულ სიცილიას მატერიკთან დააკავშირებს.
ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს.
მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, თუმცა ეს მეტად ამბიციური საინჟინრო პროექტი ათწლეულების განმავლობაში განვითარების წინასწარ სტადიაზე იმყოფებოდა, ხოლო თავად იდეა ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს გაჩნდა.
2013 წელს პროექტი ჩამოწერეს, თუმცა 2022 წელს არჩეულმა იტალიის მემარჯვენე მთავრობამ, ჯორჯა მელონის მმართველობით, განაცხადა, რომ ხიდის პროექტს აღადგენდა. ამასთან, პრემიერის თქმით, ამ მრავალმილიარდიანი პროექტის დაფინანსებაში დახმარებას ევროკავშირს სთხოვდა.
მიმდინარე თვეს სამშენებლო კომპანია Società Stretto di Messina-მ და ევროკომისიის კლიმატის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის აღმასრულებელმა სააგენტომ დაფინანსების ახალ წინადადებას საბოლოოდ მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტების ხარჯის 50%-ს დაფარავს, რაც, დაახლოებით, 25 მლნ ევროს შეადგენს.
ხიდი, სავარაუდოდ, სიცილიის ქალაქ მესინას მატერიკულ კალაბრიის რეგიონთან ახალი სარკინიგზო და საავტომობილო გზით დააკავშირებს. მისი ცენტრალური სიგრძე 3 კმ-ზე მეტი იქნება, რითიც მსოფლიოში ყველაზე გრძელ დაკიდულ ხიდად გადაიქცევა. კონსტრუქციის მთლიანი ღირებულება 4,6 მლრდ ევროს შეადგენს.
ახალი ხიდი სუეცის არხით ჩასულ სატვირთო გემებს საშუალებას მისცემს, ტვირთი სიცილიაში მატარებლებზე გადატვირთონ, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ჩრდილოეთით მიწოდებას დააჩქარებს და გრძელი საზღვაო მგზავრობის ხარჯსაც დაზოგავს.
ამასთან, სარკინიგზო და საავტომობილო ახალი კავშირი გადავსებულ საბორნე სერვისებზე ზეწოლას შეამსუბუქებს, რომლებსაც მესინის სრუტეზე ავტომობილები, სატვირთო მანქანები და მატარებლები გადააქვთ.
ამჟამად, იტალიის მატერიკიდან კუნძულ სიცილიაზე ჩასვლა თვითმფრინავით, წყლის ტრანსპორტითა და საბორნე მატარებლით არის შესაძლებელი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ