საქართველოში ბიუჯეტური ჩინური მანქანების შემოყვანა დაიწყო? - „თუ ექსკლუზიურ ფასად მოგვცემენ, რეექსპორტზეც გავიტანთ“

ჩინური ავტომობილების იმპორტი ისევ იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთიდან წელს, იანვარ-სექტემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 67%-ით მეტი ავტომობილი შემოვიდა.

კერძოდ, გასული წლის 9 თვეში საქართველომ 1 209 ერთეული (15.216 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შეიძინა, წელს იგივე პერიოდში - 2 018 (30.246 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება თვიურ მონაცემებს, სექტემბერში ჩინეთიდან 217 ავტომობილი (2.388 მლნ აშშ დოლარი) შემოვიდა, აგვისტოში 152 ერთეული (2.074 მლნ აშშ დოლარი).

თუ ფასებს თვეების მიხედვით განვიხილავთ, ჩინური ავტომობილების საშუალო ღირებულება შემცირებულია. კერძოდ, სექტემბერში ერთეულის ფასი საშუალოდ, 11 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, აგვისტოში 13.6 ათას აშშ დოლარს, ივლისში 12.2 ათას აშშ დოლარს, ივნისში 13.4 ათას აშშ დოლარს,მაისში - 26.2 ათას აშშ დოლარს და ა.შ.

როგორც საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე bpn.ge-სთან საუბრისას განმარტავს, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ბაზარი ნაკლებად მსყიდველობითუნარიანია, სავარაუდოდ, თავად ბაზარმა უკარნახა ჩინელ იმპორტიორებს, თუ როგორი ბიუჯეტის ავტომობილები უნდა შემოეყვანათ.

„ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ ავტომობილების ფასი შემცირდა და ამის ტენდენციაა, რადგან ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტირების, მთელს მსოფლიოში იზრდება. მაგრამ ჩინური ავტომობილები რომ შემოდის, ძირითადად ეს განკუთვნილია შიდა ბაზრისთვის, რეექსპორტზე გასატანად არ არის გათვალისწინებული. შიდა ბაზარი კი ნაკლებად მსყიდველობითუნარიანია.

როდესაც ჩვენ შეხვედრა გვქონდა ჩინელ კოლეგებთან, ავტომწარმოებლებთან, მაშინ ასოციაციამ დავსვით ეს საკითხი, თუ გვიდან რომ ჩინურ ავტომობილი შემოვიდეს ჩვენთან და გასაღების ბაზარი იყოს, ამასთან რეექსპორტზეც გავიდეს, ჩვენ გვჭირდება უფრო ბიუჯეტური (აქ ხარისხზე არ არის საუბარი), რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. და, თუ ექსკლუზიურ ფასადაც მოგვცემენ, გავიტანთ კიდეც რეექსპორტზე ავტომობილებს იგივე აზერბაიჯანში სომხეთში... ჩვენი ინტერესიც იქნება ნაწილობრივ.

დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ამ შეხვედრამ იქონია გავლენა, თუმცა ბაზრის მოთხოვნამ დაადასტურა ის, რაც ჩვენ მათ ვუთხარით. თვითონ ბაზარი არეგულირებს და ეუბნება ავტომწარმოებელს, რომ თუ უნდათ რაღაც ფორმით აითვისონ და მიიზიდონ ჩვენი მომხმარებელი, უფრო ბიუჯეტური ავტომობილები უნდა შესთავაზონ. ბაზარმა უჩვენა ჩინელ ავტომწარმოებლებს, როგორი ავტომობილები უნდა შემოიყვანონ“,- ამბობს ალექსი ნონიაძემ.

ნინი ქეთელაური