"როცა ვსაუბრობ მთავრობის ანგარიშზე და გეგმებზე, მიწევს დაახლოებით, 90%-ის გაფილტვრა, აქედან ჩანს რამხელა მასშტაბის სამუშაოებს ატარებენ სამინისტროები"

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე, სხვადასხვა სამინისტროების მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა და მომდევნო წლების გეგმებზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა მიმართულებით მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს.

მისივე თქმით, როცა ის მთავრობის ანგარიშსა და გეგმებზე საუბრობს, მასშტაბების გათვალისწინებით, გეგმებიდან და შესრულებული სამუშაოებიდან 90%-ის გაფილტვრა უწევს.

„რეალურად, ჩვენ გასული 12 წლის განმავლობაში შევქმენით მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება გაგრძელდეს და 4 წელიწადში ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გადავიდეს. ამისთვის ყველანაირი საფუძველია შექმნილი. რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გავზარდეთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკა 40 მლრდ ლარით იზრდება. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკა 130 მლრდ ლარამდე უნდა გაიზარდოს, ამისთვის მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარებაა აუცილებელი. იგივე ეხება ბიუჯეტის ზრდას, ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს 8.5 მლრდ ლარი იყო. წელს ბიუჯეტი გახდა 28 მლრდ ლარი. ჩვენ გაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, 4 წელიწადში ბიუჯეტი 40 მლრდ ლარს გადააჭარბებს, რაც ნიშნავს ბევრად უფრო მეტი პროექტის განხორციელებას და ქვეყნის უფრო მეტად განვითარებას ყველა მიმართულებით. რაც შეეხება უმუშევრობას, გვაქვს ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ქვეყანაში უმუშევრობა 4%-იან ნიშნულს ჩამოსცდება. სიღარიბეს რაც შეხება, 2012 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 1 120 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ეს მაჩვენებელი 440 ათასამდეა შემცირებული და 2028 წლისთვის, მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანები იქნება.

შემდგი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, მინიმუმ, 9 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციების მოზიდვა. მაგისტრალების მიმართულებით გვაქვს დიდი პროგნოზი. წარმოუდგენელი მაჩვენებლებია მიღწეული წინა ხელისუფლების მიერ დამდგარ შედეგებს რომ შევედაროთ. მაშინ მხოლოდ 68 კმ ავტომაგისტრალი აშენდა, ამ ბოლო წლების განმავლობაში კი მხოლოდ 34 კმ სიგრძის გვირაბი გაიჭრა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 22 კმ სიგრძის ხიდები აშენდა. მართლა წარმოუდგენელი შედეგია, აქ საუბარია მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე. რამდენჯერმე გაზრდილია ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი.

უკვე დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა. ადგილზე გავეცანით სამუშაოებს. ინტენსიურად წარიმართება ეს სამუშაოები და მაქსიმუმ, 2029 წელს, იმედი გვაქვს უფრო ადრეც, მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება მალე, გვაქვს ამბიციური გეგმები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით. ქუთაისის აეროპორტი უნდა გაფართოვდეს და მგზავრთნაკადი უნდა გაიზარდოს 1.7 მილიონიდან 5 მლნ-მდე. საუბარია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რაც თბილისის აეროპორტს მისცემს 18 მლნ მგზავრის მიღების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ასევე ეკონომიკის ზრდას, ტურიზმის ზრდას ჩვენს ქვეყანაში.

ენერგეტიკას რაც შეეხება, აქ არის ამბიციური გეგმები. ჩვენი ამბიციური მიზანი და რეალისტური ამოცანაა, 2030 წლისთვის, საქართველო გახდეს თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით. ანუ გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ნიშნავს, ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფრო მეტად გამყარებასაც. სოფლის მეურნეობის კუთხითაც გვექნება დიდი პროგრესი, მაჩვენებლები გაორმაგდება სხვადასხვა მიმართულებით. ეს შეეხება სოფლის მეურნეობის გამომუშავებას, აგრარული პროდუქციის ექსპორტს და ა.შ.

ტურიზმის სფეროში გვქონდა დიდი პროგრესი და ამოცანა აქაც არის ამბიციური - ტურისტების რაოდენობამ 11 მლნ-ს უნდა მიაღწიოს. რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს, 2028 წლისთვის, ჩვენი გეგმით, 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს.

განათლების მიმართულებით მთავარი ინიციატივაა ახალი კამპუსები. საუბარია თბილისის კამპუსის მშენებლობაზე, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსებს მნიშვნელოვნად გააფართოებს და სტუდენტებს საქართველოში ექნებათ იმის საშუალება, რომ უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურის პირობებში უმაღლესი ხარისხის განათლება მიიღონ. გვქონდა საუბარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებაზე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 20 ათასს უნდა გადააჭარბოს სტუდენტების რაოდენობამ. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ვიწყებთ 2 მლრდ-იან პროგრამას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელი თაობა არის უზრუნველყოფილი, არის უზრუნველყოფილი სიჯანსაღე ქვეყანაში და ნახევრად ხუმრობით, ეს შეამცირებს მიხეილ სარჯველაძის ხარჯებსაც. მნიშვნელოვანია სპორტში მეტი ადამიანის ჩართვა. მნიშვნელოვანია ახალი სტადიონის მშენებლობა. ასევე, ხელოვნებაზე ზრუნვა არის ჩვენი პრიორიტეტი. ჯანდაცვის სფეროში ამბიციური გეგმები გვაქვს. დღეს გვექნება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს პრეზენტაცია. როცა მიწევს ხოლმე საუბარი მთავრობის ანგარიშზე, მთავრობის გეგმებზე, მიწევს ხოლმე დაახლოებით 90%-ის გაფილტვრა იმ გეგმებიდან და შესრულებული სამუშაოებიდან, რაც არის წარმოდგენილი. აქედან ჩანს თუ რამხელა მასშტაბის სამუშაოებს ატარებს თითოეული სამინისტრო და ამბიციურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.