„არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების შემთხვევაში აჟიოტაჟი ჩაცხრება და შენახულ დოლარს ისევ გასაყიდად გამოიტანენ“

„არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების შემთხვევაში აჟიოტაჟი ჩაცხრება და შენახულ დოლარს ისევ გასაყიდად გამოიტანენ“ - ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ის ეროვნული ბანკის ინტერვენციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.

„პერიოდულად ეროვნული ბანკი ყიდის და ყიდულობს დოლარს. ახლაც, აგვისტოს პერიოდში, როდესაც ჭარბი შემოდინება იყო ტურისტული ნაკადებიდან, ამ პერიოდში 300 მლნ დოლარამდე იყიდა სებ-მა. ამ თანხას ის იყენებს რეზერვებისთვის და მსგავსი პროცესებისთვის, როდესაც არის აჟიოტაჟი, ჩააცხროს სიტუაცია. ახლა წინასაარჩევნო აჟიოტაჟია და ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად სუბიექტებმა დოლარის მარაგების შევსება დაიწყეს, რაც ბუნებრივი პანიკაა. არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების შემთხვევაში აჟიოტაჟი ჩაცხრება და შენახულ დოლარს ისევ გასაყიდად გამოიტანენ და ლარზე მოთხოვნა წარმოიქმნება“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ეროვნული ბანკისადმი კრიტიკა სწორედ ინტერვენციებში დროულ ჩარევას ან არჩარევას უკავშირდებოდა.

„ძირითად შემთხვევაში აგვიანებდა ხოლმე და დოლარს ყიდდა მაშინ, როცა გაუფასურების ტრენდი 10-15 თეთრს აღწევდა. ახლა ის ამის ნებას აღარ აძლევს და ფაქტია, რომ მიდგომა შეიცვალა“, - განაცხადა ანგურიძემ.

ამასთან, როგორც ანგურიძემ აღნიშნა, გონივრული ზღვარი ლარის ვარდნის შესაჩერებლად მოთხოვნა-მიწოდებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ბევრ ინტერვენციას ვერ განახორციელებს.

„ვერაფერს საგანგაშოს იმაში ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა ჩაერიოს ბანკი ვალუტის გაუფასურებაში, მითუმეტეს, რომ რეზერვები ამის შესაძლებლობას იძლევა. ისტორიულ მინიმუმზე გვაქვს ინფლაცია, გამართულად მუშაობს მონეტარული პოლიტიკა და ა.შ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის კურსის შესანარჩუნებლად, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საშუალება. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რაც შეიძლება ეროვნულ ვალუტაზე ახდენდეს გავლენას, გვაქვს გაზრდილი. ძალიან კარგ კონდიციაშია ტურიზმი, გზავნილები, საგარეო ვაჭრობა - ეს ყველაფერი საკმარისი ინდიკატორებია, რათა ქვეყანაში მდგომარეობა განვსაზღვროთ“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

ეკა დარჩიაშვილი