ირაკლი კობახიძე - საფუძველს ვუყრით მშენებლობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და მის ხანგრძლივ ტრადიციებს

დღეს, ჩვენ საფუძველს ვუყრით მშენებლობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და მის ხანგრძლივ დიდ ტრადიციებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი კონცეფცია შემუშავებულია საერთაშორისო, პროფესიონალი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს არსებული ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კლინიკას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს და საავადმყოფო, ათწლეულების განმავლობაში, იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში.

„დღეს, ჩვენ ვიწყებთ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თვისებრივ განახლებას. რეალურად, ვიწყებთ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის კლინიკას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის 1973 წელს გაიხსნა, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, მრავალპროფილური საავადმყოფო. აქ, ათწლეულების განმავლობაში, ფუნქციონირებდა სხვადასხვა პროფილის განყოფილებები, მოღვაწეობდნენ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები; კლინიკაში ათწლეულების განმავლობაში მრავალი პროფესიონალი ექიმი აღიზარდა. კლინიკა ასევე იყო მძლავრი საგანმანათლებლო დაწესებულება - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო ბაზა; ფუნქციონირებდა 14 კლინიკური კათედრა. რესპუბლიკური საავადმყოფო, წლების განმავლობაში, იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში. როგორც წესი, საქართველოში პირველად სწორედ აქ ხდებოდა სიახლეების, ნოვატორული მიდგომებისა თუ მეთოდების დანერგვა. დამოუკიდებლობის მოპოვების ურთულეს პერიოდებში, სწორედ ის წარმოადგენდა მთავარ სამედიცინო დაწესებულებას ქვეყანაში.

დღეს, ჩვენ საფუძველს ვუყრით მშენებლობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ამ ხანგრძლივ დიდ ტრადიციებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი კონცეფცია შემუშავებულია საერთაშორისო, პროფესიონალი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს არსებული ტერიტორიის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ახალი საავადმყოფოებისა და სამედიცინო ბლოკების მშენებლობასა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მთლიანი ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მთლიანი ტერიტორია სამედიცინო დანიშნულებით იქნება გამოყენებული და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს მოემსახურება.

„თავის დროზე, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ შეიძლებოდა, ამ ტერიტორიის ნაწილი გამოყენებულიყო არასამედიცინო მიზნებისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადავხედეთ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ მთლიანი ტერიტორია, სწორედ, სამედიცინო დანიშნულებით იქნას გამოყენებული. ეს ყველაფერი უნდა მოემსახუროს, რა თქმა უნდა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.