„უფრო შანტაჟს ვხედავ ამ ყველაფერში - რამდენიმე პირს დაუწესეს სანქციები, მაგრამ ამით არაფერი მომხდარა ჩვენს ეკონომიკაში“

„რამდენიმე პირს უკვე დაუწესეს სანქციები, მაგრამ ამით არაფერი მომხდარა ჩვენს ეკონომიკაში ან საფინანსო სექტორში“ - როგორც ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, საერთაშორისო დიპლომატების საუბრები სანქციებისა და შესაძლო სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით, შანტაჟია.

„მე უფრო შანტაჟს ვხედავ ამ ყველაფერში, არჩევნების პროცესთან დაკავშირებით არცერთ უცხოურ ორგანიზაციას ნეგატიური შეფასება არ გაუკეთებია, რაც გვაფიქრებინებდა, რომ არჩევნები ყალბდება ან რამე მსგავსი.

რაც შეეხება მუქარებს სანქციების შესახებ, რამდენიმე პირს უკვე დაუწესეს, მაგრამ ამით არაფერი მომხდარა ჩვენს ეკონომიკაში ან საფინანსო სექტორში. პირიქით, გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 500 მლნ-ს გადააჭარბა, წელს მეორე კვარტალში უკვე 300 მლნ-ზე მეტია. ასე რომ, არაფერი იცვლება და პროცესი შეფერხების გარეშე მიდის და ლარს არაფერი ემუქრება“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები 16 სექტემბერს დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

ეკა დარჩიაშვილი