ოთარ ანგურიძე - სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გუშინდელი გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი თავისუფალია პოლიტიკური წნეხისგან

ეკონომისტმა ოთარ ანგურიძე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შენარჩუნდა.

წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება კი კიდევ ერთხელ მიუთითებს სებ-ის დამოუკიდებლობაზე და პოლიტიკური წნეხისგან თავისუფლებაზე. მისი თქმით, ინფლაცია ისტორიულ მინიმუმზეა, ეს კი ნიშნავს რომ მონეტარული პოლიტიკა ქვეყანაში ძალიან გამართულად მუშაობს.

„სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. მქონდა მოლოდინი რომ არჩევნების ფაქტორის გათვალისწინებით შემცირების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, რაც ძალიან გამიხარდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი თავისუფალია პოლიტიკური წნეხისგან“,- აღნიშნა ანგურიძემ.

ეკონომისტმა ისაუბრა სებ-ის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებზე, მისი შეფასებით, ეროვნული ბანკი თავისი მანდატის შესაბამისად, როდესაც ფლობს სავალუტო რეზერვებს, ვალდებულია ჩაერიოს და შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა ქვეყანაში.

„ეროვნულ ბანკს გონივრულ ფარგლებში და საჭიროებიდან გამომდინარე ინტერვენციების განხორციელება შეუძლია. როდესაც რეზერვების მოცულობა აძლევს ამის საშუალებას უნდა ჩაერიოს და შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა ქვეყანაში. პერიოდულად ეროვნული ბანკი ყიდის და ყიდულობს დოლარს, ამ თანხას კი იყენებს მსგავსი აჟიოტაჟური სიტუაციის ჩასაცხრობად“, - განაცხადა ანგურიძემ.

მისი მოლოდინით კვირის ბოლოს, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების შემდეგ, აჟიოტაჟი ჩაცხრება და მოქალაქეები თუ ბიზნეს სექტორი ისევ გამოიტანენ დოლარს გასაყიდად, რაც ლარზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს.

„არ არსებობს არგუმენტი რომ უარყოფითი სცენარით განვითარდეს მოვლენები, მშვიდად ჩაივლის არჩევნები და ეროვნულ ბანკსაც არ ექნება საჭიროება მეტი დოლარი დახარჯოს და ინტერვენციების განახორციელოს. თუ აჟიოტაჟი გაგრძელდა და დადგა საჭიროება, სებ-ი კვლავ ჩააცხრობს მას“,- აცხადებს ანგურიძე.