„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის მიერ დოლარის გაყიდვის ფაქტებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
მისი განცხადებით, იგი პროგნოზირებდა, რომ ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად სებ-ს დიდი ოდენობით დოლარის გაყიდვა ხშირად მოუწევდა, რაც ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, დღეს კი ვხედავთ, რომ ეს რეალობაა.
„გაზიდა ეროვნული ბანკის რეზერვები ივანიშვილის კლანმა. პანიკურად აკონვერტირებენ ლარებს დოლარებში. ვამბობდი, რომ არნახული ოდენობის დოლარები გაიყიდებოდა სექტემბერ-ოქტომბერში, ამათი მავნებლური საარჩევნო კამპანიის გამო, 400 მილიონი დოლარამდე. წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ყველას. სინამდვილეში გადასცდა უკვე ამ რიცხვს.
ნუ გაგვიკვირდება, რომ ნახევარ მილიარდსაც თუ მიაღწევს თვის ბოლომდე. მერე რა მოხდება და საიდან მოვა ლარის გადასარჩენი ვალუტა, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
თუ რამდენი გაიყიდა ბოლო ორ თვეში, ამას ოფიციალურად, სამწუხაროდ, გავიგებთ მხოლოდ 25 ნოემბერს, როცა ურემი გადაბრუნებული იქნება. ასეთი წესი აქვს დადგენილი ეროვნულ ბანკს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უნდა გაყიდონ რეზერვები, ახლა სხვა გამოსავალი არ არის, მაგრამ, რომ არ ამბობენ, რა მოხდა, რატომ მოხდა და ხელს რომ აფარებენ “ოცნებას”, ეს არანაკლები დანაშაულია“,- წერს რომან გოცირიძე „ფეისბუკზე“.