გარანტიებში არანაირი კონკრეტიკა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რაღაც ფორმით შეიძლებოდეს გარანტიებზე საუბარი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არჩევნების შემდგომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გარანტიებს ეხებოდა.
ზურაბიშვილის თქმით, ის გამორიცხავს არჩევნების გაყალბებას და გამორიცხავს ასევე ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა.
“მე შევასრულებ იგივე როლს, რაც აქამდე მქონდა. მთავარი ბერკეტი, რაც არსებობს, არის ხალხი და ის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე დიდი აქტივობით და ცხადი შედეგით. მერე ყველაფერ ამას მოჰყვება ის, რაც საჭირო იქნება. საერთაშორისო დონეზეა გამოცდილი, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მანამდე ხალხის ნება უნდა გამოიხატოს.
გარანტიებში არანაირი კონკრეტიკა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რაღაც ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი. მეტი კონკრეტიკა არ არსებობს და არც იარსებებს, მთავარი არის არჩევნების შედეგი და ეს იქნება მთავარი გარანტია სტაბილურობის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი დარწმუნებულია პროევროპული ძალების გამარჯვებაში.
„ყველაფერს გამოვრიცხავ, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა და საქართველოს გამარჯვებისა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.