გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ კიდევ ერთი სტიპენდიატი სოფიო ჭუმბურიძე აგრარული უნივერსიტეტიდან

მე-5 წელია, „ნიკორა ჯგუფი“ აგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას და სასურსათო ტექნოლოგიების შესწავლის პროცესში მათ მოტივირებაზე ზრუნავს. „ნიკორა ჯგუფი“ აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის წარმატებულ სტუდენტებს ყოველწლიურად უნიშნავს სახელობით სტიპენდიას.

სტიპენდიატებს ყოველ სემესტრში გამოავლენენ და წელს მათ შორის მე-3 კურსის სტუდენტი სოფიო ჭუმბურიძე მოხვდა. მისთვის სასიამოვნო და წამახალისებელი აღმოჩნდა კომპანიის ინტერესი და მხარდაჭერა, რადგან როგორც თავად აღნიშნავს, სასურსათო ტექნოლოგიის განვითარებაში კერძო სექტორს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

სოფიო გვიამბობს, თუ როგორ დაინტერესდა აღნიშნული სფეროთი, რა გამოწვევები აქვთ სტუდენტებს და რამდენად მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, რესურსებზე ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, რათა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად ჩამოყალიბდე:

  • საინტერესოა, რატომ დაინტერესდით სასურსათო ტექნოლოგიით და რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინი არჩეულმა სფერომ?

სკოლაში ძალიან მიყვარდა ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი, რომელ პროფესიაზე შემეჩერებინა არჩევანი. საბოლოოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომეცნიერებაზე და ბიოტექნოლოგიის პროგრამაზე შევაჩერე არჩევანი, თუმცა მივხვდი, რომ კონკრეტულად სასურსათო ტექნოლოგია მაინტერესებდა. ასე აღმოვჩნდი აგრარულ უნივერსიტეტში და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

  • რა გამოწვევები გაქვთ სტუდენტებს, რომლებმაც თქვენი მომავალი კვების ტექნოლოგიის სფეროს დაუკავშირეთ?

რადგანაც ჯერჯერობით საუნივერსიტეტო პროცესზე შემიძლია საუბარი, გეტყოდით, რომ გამოწვევები ბევრია, ოღონდ პოზიტიურ ჭრილში. აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამა იმგვარად არის შედგენილი, რომ გიბიძგებს, გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და განვითარდე არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ შეიძინო სხვადასხვა უნარი, რომელიც სამომავლოდ პრაქტიკულ საქმიანობაში დაგეხმარება. თავიდან შეიძლება ეს პროცესი გამოწვევად მიიღო, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ბევრი რამ ისწავლე.

იმისათვის, რომ გქონდეს მოტივაცია, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გარემო და სასწავლო პროგრამა უნივერსიტეტში და მეორე მხრივ, მხარდაჭერა, რომელსაც გარედან, კერძო სექტორისგან ვიღებთ, ამიტომ სტიპენდია გარკვეულ მოტივაციას წარმოადგენს ჩვენთვის. ვიცოდი, რომ „ნიკორა ჯგუფი“ მხარს უჭერდა წარმატებულ სტუდენტებს და როდესაც მეც მივიღე შეტყობინება ამის შესახებ, ძალიან გამიხარდა.

3af251a8-b88e-420d-9799-fe6efeabdf92-1729845217.jpg

  • თქვენ ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია თვითგანვითარებაც. კონკრეტულად თქვენს სფეროში როგორ ახერხებთ ამას?

როგორც ბევრი სხვა, ისე სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალისტის პროფესიაც მუდმივად საჭიროებს ცოდნის განახლებას, იცვლება კვლევები, შემოდის ახალი ტექნოლოგიები და სიახლეებისთვის თვალის დევნება ყოველთვის აუცილებელია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, გქონდეს უნარები ამ ინფორმაციის მოსაძიებლად და პრაქტიკაში დასანერგად. აგრარული უნივერსიტეტი ამ უნარების შეძენაში მაქსიმალურად გვიწყობს ხელს და გვეხმარება, დამოუკიდებლად შევძლოთ სწორი რესურსების მოძიება.

  • რა ინტერესები აქვს სოფიოს საყვარელი პროფესიის გარდა? როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

ძალიან მიყვარს ცხოველები, მათთან ერთად თამაში დადებითი ემოციებით მმუხტავს. სახლში გვყავს ორი ძაღლი და ოთხი კატა, ხშირად ვსეირნობ ხოლმე მათთან ერთად, მათი მოვლა, მოფერება ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა.

ასევე მიყვარს კითხვა როგორც მხატვრული, ისე სამეცნიერო ლიტერატურის და სასწავლო პროგრამის გარდა, ამასაც დიდ დროს ვუთმობ ხოლმე.

cec368b3-f0e3-400a-b066-74aa35e62638-1729845255.jpg

  • როგორი სამომავლოდ გეგმები გაქვთ თქვენს პროფესიასთან დაკავშირებით?

ვცდილობ, მაქსიმალური დრო დავუთმო სწავლას. ჩემი მიზანია, ჩემი საქმის პროფესიონალი გავხდე. ჯერ ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საბაკალავრო პროგრამას დავასრულებ, კონკრეტულად რა მიმართულებით გავაგრძელებ ამ სფეროში განვითარებას, ამიტომ ცოდნის გაღრმავებაზე ვარ ორიენტირებული.

ჩემი დიდი სურვილია, საქართველოში სასურსათო ტექნოლოგიების განვითარებაში შევიტანო წვლილი და ამისთვის ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.

NS