რუსული მარკეტპლეისი, Wildberries, რომელიც საქართველოში შემოვიდა, ოფიციალურად უკვე “Wildberries & Russ”-ად ფიქსირდება.
ახალი სახელი Wildberries-ისა და გარე რეკლამის უმსხვილეს ოპერატორ Russ Group-ის შერწყმის შედეგია, რაც მარკეტპლეისის მფლობელი ბაკალჩუკების ოჯახური კონფლიქტის ფონზე მოხდა. კომპანია ცოლ-ქმარმა, ტატიანა და ვლადისლავ ბაკალჩუკებმა 2004 წელს დააარსეს. თუმცა ზაფხულში ტატიანამ, რომელიც Wildberries-ის 99%-ს ფლობდა, მეუღლესთან განქორწინება მოითხოვა. ვლადისლავი საპასუხოდ აცხადებდა, რომ კომპანიის რეიდერული მიტაცება ხდებოდა.
Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმა პუტინმა პირადად მოიწონა. Russ-ის შესაძლო ბენეფიციარად ოლიგარქი, სულეიმან ქერიმოვი სახელდება. თავის მხრივ, ვლადისლავ ბაკალჩუკს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა დაუჭირა მხარი.
ამჟამად წყვილი დაშორებულია. კადიროვის პროტეჟე, ვლადისლავი კომპანიის მხოლოდ 1%-ს ფლობს, ხოლო ტატიანა ბაკალჩუკი, რომელიც კვლავ თავის გვარზე გადავიდა და კიმი გახდა, 99%-იანი წილის მფლობელად დარჩა. ის რუსეთში კვლავ ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად ითვლება და Forbes-2024-ის რუსი მილიარდერების სიაში 22-ე ადგილი უკავია. მისი ქონება თავიდან 7,4 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმის შედეგად 4,1 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
ტატიანა კიმს რუსეთის მთავრობის გავლენიან ფიგურებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსა და მის პირველ მოადგილე დენის მანტუროვთან ახლო ურთიერთობა აქვს. „პარალელური იმპორტის“ ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ტატიანა იყო. მთავრობის მიერ ამ იმპორტის ლეგალიზებამ Wildberries-ის ბრუნვა გააორმაგა და ის “პარალელურ იმპორტში” წამყვან კომპანიად აქცია.
ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ოჯახური კონფლიქტი სისხლიან პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. Wildberries-ისა და Russ-თან შერწყმის შედეგად გაერთიანებული კომპანიის 65%-იანი წილი Wildberries-ის, ხოლო 35% Russ-ს რჩებოდა. გარიგებას საჯაროდ დაუპირისპირდა ვლადისლავ ბაკალჩუკი, რადგან Russ-ი Wildberries-ზე გაცილებით ნაკლები კაპიტალისა და მოგების მქონე კომპანიაა.
გარიგების თანახმად, ბიზნესს, თითქმის, სრულად უნდა ჩამოშორებოდა ვლადისლავ ბაკალჩუკი, ხოლო მნიშვნელოვანი წილით ბიზნესში მილიარდერი და ფედერაციის საბჭოს წევრი, სულეიმან ქერიმოვი შედიოდა.
დავის მოგვარება კადიროვმა ითავა, რომლემაც გარიგების უკან დაღესტნელი ძმები, მირზოიანები და დაღესტნური წარმოშობის ქერიმოვი საჯაროდ დაასახელა. Russ-ს სწორედ დაღესტნელი ბიზნესმენი ძმები, რობერტ და ლევან მირზოიანები აკონტროლებენ, რომლებიც ქერიმოვთან არიან დაკავშრებული.
თუმცა ტატიანა კიმი პრინციპული აღმოჩნდა და შერწყმის გადაწყვეტილებას არ ცვლიდა, მეუღლესთან განქორწინების პროცესს კი განაგრძობდა. კადიროვი ვლადისლავს დაჰპირდა, რომ „ოჯახში ტატიანას დაბრუნებაში“ დაეხმარებოდა, რაც კიმმა საჯაროდ გამორიცხა.
კადიროვისა და ქერიმოვის დაპირისპირება სროლამდე მივიდა, რაც 18 სექტემბერს, Wildberries-ის მოსკოვის ოფისში მოხდა. კერძოდ, ვლადისლავ ბაკალჩუკი დაცვის თანხლებით ოფისში შესვლას ცდილობდა. მას 20-მდე ადამიანი, მათ შორის, ჩეჩნეთის ყოფილი პროკურორი ახლდა თან. ოფისში შეჭრის მცდელობა შენობის დაცვასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის დაცვის ორი ინგუში თანამშრომელი დაიღუპა. მომხდარ ფაქტზე 30 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო ვლადისლავ ბაკალჩუკიც, თუმცა ის მალე გაათავისუფლეს.
ბაკალჩუკი ამბობდა, რომ სურდა, დასწრებოდა შეხვედრას, რომელზეც ორი კომპანიის შერწყმის საკითხი განიხილებოდა. თუმცა ტატიანა კიმი საპირისპიროს ამტკიცებდა, რომ ასეთ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია.
სროლიდან ცოტა ხანში, 10 ოქტომბერს რამზან კადიროვმა მისი მკვლელობის დაგეგმვაში, სულეიმან ქერიმოვის გარდა, ბრალი დასდო სახელმწიფო დუმის დეპუტატს ინგუშეთიდან, ბექხან ბარახოევსა და დუმის დეპუტატს დაღესტნიდან, რიზვან ყურბანოვს. კადიროვი სისხლის აღებით დაიმუქრა. ის ამბობდა, რომ თუ დეპუტატები ვერ დაამტკიცებენ თავიანთ უდანაშაულობას, მუქარას აღასრულებდა. სამივე ეს პირი კადიროვმა Wildberries-ის ოფისში მომხდარი სროლის პროვოცირებაში დაადანაშაულა.
“მათ არა მხოლოდ წაართვეს ბიზნესი ბაკალჩუკს, არამედ ჩემი მკვლელობის ბრძანებაც გასცეს,“ - ამბობდა კადიროვი.
ცნობისთვის: სულეიმან ქერიმოვი კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქია, რომელიც სიმდიდრით რუსეთში მეცხრე ადგილზეა. Forbes-ის მიერ მისი ქონება 14,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული. 2018 წელს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ქერიმოვი დაასანქცირა, ხოლო 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მის წინააღმდეგ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა.
იხილეთ ასევე:
რუსულმა სანქცირებულმა Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები დაიწყო - ვის ეკუთვნის ქართული ფრენჩაიზი
მოამზადა ლადო სულაბერიძემ