დღეს არჩევნებია -  26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს

26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მოუწევს:

  • (#41) “ქართული ოცნება“
  • (#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
  • (#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა
  • (#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
  • (#25) “გახარია საქართველოსთვის“
  • (#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  • (#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  • (#36) “გირჩი“
  • (#23) “ჩვენ“
  • (#6) “ევროპელი დემოკრატები“
  • (#17) “საქართველო“
  • (#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
  • (#26) “მემარცხენე ალიანსი“
  • (#20) “თავისუფალი საქართველო“
  • (#21) “ტრიბუნა“
  • (#16) “შეცვალე საქართველო“
  • (#27) “ქართველ ერთობა“
  • (#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის არის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.

რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველია შეყვანილი.

26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყება. საარჩევნო უბნები კი 20:00 საათზე დაიხურება.